გიპერტი იოსტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსტ გიპერტი – (დ. 12.III, 1956. გერმანია), გერმანელი მეცნიერი. მარბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა შედარებით ენათმეცნიერებას, ინდოლოგიას, იაპონოლოგიასა და ჩინოლოგიას. პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მოღვაწეობდა (1977– 1990) ბერლინის, ვენისა და ზალცბურგის უნივერსიტეტებში. მეორე სადოქტორო დისერტაციის (ჰაბილიტაციის) დაცვის შემდეგ 1991-1993 მუშაობდა მარბურგის უნივერსიტეტში, 1994-იდან ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია და ხელმძღვანელობს შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს. იგი რამდენიმე სამეცნიერო კომისიისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

გიპერტი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამეცნიერო გამოცემების რედაქტორი და რეცენზენტია, მისი მეცნიერული მოღვაწეობის სპექტრი ფართოა – მოიცავს არა მხოლოდ ინდოევროპულს (სანსკრიტი, ირანული, თოხარული, ირლანდიური, მალედიეური და ა. შ.), არამედ სხვა ჯგუფის ენებსაც: აფხაზურს, უდიურს, ალბანურს, ბაცბურს.

კავკასიური ენებით გიპერტი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა (მისი მეორე სადოქტორო დისერტაციის თემა იყო ირანულ-სომხურ-ქართული ლექსიკური შეხვედრები - Iranika-Armeno-Iberica 1991). აქედან მოყოლებული, ინტენსიურად მუშაობს ქართველურსა და აფხაზურ-ადიღურ ენებზე, უკანასკნელ ხანებში კი დაღესტნურ, კერძოდ უდიურ ენაზე. 1996-იდან არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, 1997 აირჩიეს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად.

როგორც კომპიუტერული ლინგვისტიკის შესანიშნავ სპეციალისტს, გიპერტს უდიდესი წვლილი მიუძღვის ენობრივ მონაცემთა დიგიტალური ბაზების შექმნასა და გადამუშავებაში: მის მიერ დაარსებული დიგიტალური ლინგვისტური კორპუსი TITUS-ი (ტექსტურ და სხვა ლინგვისტურ მონაცემთა ბანკი ინდოევროპული და არაინდოევროპული ენებისათვის საძიებო სისტემის თანხლებით http://titus.unifrankfurt.de) 1987-იდან არის მსოფლიო სამეცნიერო მიმოქცევაში როგორც სამეცნიერო რესურსი. გარდა ამისა, ავტორია საერთაშორისო პროექტებისა:

ა) TUFU – პროექტი [თოხარული ხელნაწერების ელექტრონული ბანკი ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიასთან (ბერლინი), ბრიტანულ მუზეუმთან (ლონდონი) და ეროვნულ ბანკთან (პარიზი) თანამშრომლობით, http://titus.fkidgl.unifrankfurt.de/texte/tocharuc thi.htm, 1995-იდან];

ბ) OGAMIKA – პროექტი (არქაული ირლანდიური წარწერების ელექტრონული კორპუსი http://titus.fkidgl.unifrankfurt.de/ogam/frame.htm. 1995-იდან];

გიპერტი ავტორია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტისა კავკასიოლოგიაში:

ა) ARMAZI – პროექტი – კავკასიური ენების ტექსტურ მონაცემთა ელექტრონული ბანკი საძიებო სისტემის თანხლებით საქართველოს 10 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობით (http://atrmazi.uni-frankfurt.de სამეცნიერო მიმოქცევაშია 1998-იდან);

ბ) ECLinG პროექტი – საფრთხეში მყოფი კავკასიური ენები საქართველოში (წოვათუშური, უდიური, სვანური), საფრთხეში მყოფი ენების ელექტრონული დოკუმენტაციის პროგრამა ფოლკსვაგენ- ფტიფტუნგთან (MPI Nigmegen) და საქართველოს ორ სამეცნიერო ჯგუფთან თანამშრომლობით (http://titus.fkidgl.unifrankfurt.de/eclung.htm სამეცნ. მიმოქცევაშია 2002-იდან);

გ) კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტები – ალბანური პალიმფსესტები სინას მთიდან და ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივის ქართული პალიმფსესტები საქართველოს ორ სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობით (2004-იდან).

მ. მანჯგალაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები