გიუნაშვილი ჯემშიდ
ჯემშიდ გიუნაშვილი − (Jamshid Giunashvili), (დ. 1931 - გ. 2017), ქართველი ენათმეცნიერი, ირანისტი, დიპლომატი, 1994-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
დაიბადა 1 მაისი, 1931 წელი, ქ თეირანი, ირანი.
განათლება:
1953 − დაამთავრა ქ. ტაშკენტის შუა აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანულ-ავღანური ფილოლოგიის განყოფილება.
სამეცნიერო ხარისხები და წოდებები:
1958 − ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
1966 − ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
1970-დან − პროფესორი; 1985-დან − Societas Iranologica Europaea--ს წევრი;
1994-დან − „საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2010 − წოდება გამორჩეული მკვლევარი (თეირანი).
სამუშაო გამოცდილება:
1956-1958 − მუშაობდა სპარსული ენის მასწავლებლად ქ. ტაშკენტის უნივერსიტეტში;
1958-1994 − სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
საქართველოს პირველი ელჩი ირანში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველო-ირანის პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში. მისი გამოკვლევებით, სახელმძღვანელოებითა და ანალიტიკური გამოცემებით სარგებლობენ მსოფლიო ირანისტიკის სამეცნიერო-საუნივერსიტეტო ცენტრების სპეციალისტები გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შეერთებულ შტატებში; ანალიტიკური-საინფორმაციო
ნარკვევების დამკვეთები იყვნენ American Heritage, Encyclopaedia Iranica და სხვა საენციკლოპედიო გამოცემები; მისი საერთაშორისოდ აღიარებული „სპარსული ენის ფონეტიკა” ჯერჯერობით ერთადერთი ფუნდამენტური ნაშრომია, რომლითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიოს ირანისტები;
ჯემშიდ გიუნაშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ფერეიდნული დიალექტის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებს. მისი მეურვეობით ფერეიდნელებისთვის მრავალი სახელმძღვანელო და საინფორმაციო წიგნი გამოიცა და გავრცელდა.
ჯ. გიუნაშვილის უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით საქართველოს საელჩომ გამოსცა ფარშიდ დელშადის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტი (პირველად სპარსულ ენაზე, თეირანი, 1998), ხოლო გილანის უნივერსიტეტმა − ლ. გეგუჩაძის „ქართული ენა სპარსულენოვანთათვის“ (ფარდინ ქომაის თარგმანი, რაშთი, 2004). ჯემშიდ გიუნაშვილს ეკუთვნის მრავალი საერთაშორისო პუბლიკაცია ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებზე.
ფლობდა: სპარსულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სომხურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.