გლოტოქრონოლოგია
გლოტოქრონოლოგია– (ბერძ. glona ენა, chronos დრო და logos სიტყვა, მოძღვრება), ლექსიკურ-სტატისტიკური მეთოდი, რომელიც მონათესავე ენებში შემონახულ საერთო სიტყვათა საფუძველზე ცდილობს დაადგინოს ამ ენათა დაშორების (ფუძეენის დიფერენციაციის) თარიღი. ე. ი. განსაზღვროს მონათესავე ენათა დამოუკიდებელი არსებობის დაწყების დრო. ისტორიულ-შედარებითი მეთოდისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ რელატიური ქრონოლოგიის დადგენის საშუალებას იძლევა. გლოტოქრონოლოგია მიმართულია აბსოლუტური ქრონოლოგიის დასადგენად. გლოტოქრონოლოგიური მეთოდი გულისხმობს რადიოაქტიური ნახშირბადის იზოტოპების დაშლის პერიოდის განმსაზღვრელი ფორმულის გამოყენებას ენობრივი მასალისათვის (მ. სეოდეში. რ. ლიზი). ეს მეთოდი ემყარება ვარაუდს, რომ ყველა ენაში ლექსიკური მარაგის გარკვეული (სოციალურ და კულტურულ პირობებზე ნაკლებად დამოკიდებული) ნაწილი (200 ან I00 სიტყვა) დროის დიდ (დაახლოებით ათასწლეული) მონაკვეთში იცვლება ერთნაირი ტემპით. რაც უფრო მცირეა საერთო სიტყვათა (ელემენტთა) რაოდენობა მონათესავე ენებში, მით უფრო შორს გადაიწევს მათი დაშორების თარიღი და პირიქით. ამ მეთოდით მიღებული თარიღები მიახლოებითია (ცთომილება ±200 წელი) და მხოლოდ ადასტურებს ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საფუძველზე გამოთქმულ ვარაუდს.
გლოტოქრონოლოგიის მეთოდით შესწავლილ ქართველურ ენათა მასალაზედაც განსხვავებული ვარაუდები გამოითქვა. 100 სიტყვის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველური ფუძეენის დიფერენციაცია, კერძოდ, სვანურის დაშორება, უნდა დაწყებულიყო დაახლოებით 4000 წლის წინ (ძვ. წ. XIX ს.). ზანურისა – დაახლოებით 2700 წლის წინ (ძვ. წ. VIII ს.), ზანურის დიალექტებისა კი – ახ. წ. VI ს. (გ. კლიმოვი). 200 სიტყვის ანალიზი სხვა სურათს იძლევა: სვანურის გამოყოფა უნდა მომხდარიყო დაახლ. ძვ. წ. X ს-ში, ხოლო ქართულ-ზანურის დიფერენციაცია – ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). ასეთი სხვაობა დათარიღებაში აშკარად მიანიშნებს მეთოდის ნაკლოვანებაზე.
ლიტერატურა
- გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965;
- ლერნერი კ. გლოტოქრონოლოგიის მეთოდი და ლექსიკო-სტატისტიკის ამოცანები. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია). 1971, №1;
- ბერგსლანდი კ. ფოგტი ჰ. გლოტოქრონოლოგიის საფუძვლიანობისათვის (თარგმანი ინგლისურიდან. წინასიტყვაობა და კომენტარები შ. აფრიდონიძისა). „მიმომხილველი“, VI – IX. თბ., I969;