გოგიბედაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით დეფი გოგიბედაშვილი

გოგიბედაშვილი დავით – (1968), ფსევდონიმი – დეფი. ქართველი პოეტი, მწერალი. დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1998 წელს – გოეთეს ინსტიტუტის ენის შემსწავლელი კურსები. მუშაობდა გაზეთებში, რადიოში, ტელევიზიაში. ტელეკომპანია „მეორე არხში” დააარსა საავტორო მედიაპროექტი „მზეRA”. ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა 25 წლის ასაკში დაიწყო. არის მთელი რიგი პოეტური პერფორმანსებისა და აქციების სულისჩამდგმელი და მონაწილე. 2008 წელს ლვოვის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე განახორციელა პოეტური პროექტი „ობსერვატორია”, 2010 წელს გამოვიდა მისი პოეზიის აუდიოალბომი „დაფიონი Supernova Domine”. არის ავტორი პოეტური კრებულებისა: „ზურმუხტი და საფირონი” (2005), „სამკაული” (2007), „იქ” (2008).


* * *
ბინდია. ფერდობს ნახირი არწევს,
ნაბიჯების ხმა არ მესმის
და სადაცაა ჩრდილს მზე წააქცევს,
საღამოს წვიმა თავს მესხმის.
ელვამ იმკრთალა. ცას ელდა ეცა,
საწვიმარივით გაჩნდა იდეა,
ზეცის ნატეხი მთაზე დაეცა
იქ სამოთხეა, იქ სიმშვიდეა.
წვიმის სურნელი აორთქლდა,
ჩვილი რომ წამოიტირებს,
მთას უნდა ნისლის გამოთქმა,
დუმს, ძილ-ბურანში ტივტივებს
და იღუშება სივრცე _ ულევი,
ნახირში კამეჩი ღნავის,
არც ვარსკვლავები, ღრუბლები,
თითქოს ცა დაჭკნა ღამით.
დაჭკნა და წამში აყვავდა,
სიოც სუნთქვებად ვიხმარე,
ჭალამდე ჩრდილი ჩამყვა და
მთვარეში ამოვითხვარე.
მნათობთა ფიქრი თავს მესხმის,
დახუნძლულია ზაფხულის ღამე,
თითქოს მუსიკა ჩამესმის,
როცა ფრთოსნები ნაბიჯებს დგამენ.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები