გოლგოთელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოლგოთელი – მღვდელმთავარი შუა საუკუნეების საქართველოში, რომელიც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა უფლის საფლავის ტაძარში მოღვაწე ქართველი ბერების დასს. წმ. მიწაზე ქართველი ეპისკოპოსების ყოფნა ჯერ კიდევ V-VII სს-ში დასტურდება.

1932 წ. ძველი იერუსალიმის გალავნის გარეთ, იაფოს კარიბჭესთან აღმოჩდა ქართველი ეპისკოპოსის საფლავი. წარწერა დაცულია იერუსალიმში, როკფელერის მუზეუმში და პასპორტის მიხედვით, V-VII სს-ით თარიღდება. წარწერის ქართ. თარგმანი ასეთია: „დავითის კოშკში მდებარე ქართველთა მონასტრის ქართველი ეპისკოპოსის სამარხი“. მეორე წარწერიანი საფლავის ქვა, 2002 წ. იერუსალიმიდან სამხრეთ-აღმოსავეთით, სოფელ უმლეიზონში არქეოლოგიური გათხრების დროს ჯ. ზელიგმანმა აღმოაჩინა. წარწერა ასე იკითხება: „ესე სამარხოჲ იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისაჲ ქართველისაჲ“. პალეოგრაფიული ანალიზის მიხედვით წარწერა V ს. დასასრულით და VI ს. დასაწყისით თარიღდება.

გოლგოთაზე ქართველი ეპისკოპოსების ყოფნა XI ს. შუა წლებიდან დასტურდება. 1036 წ. ბიზანტია-ეგვიპტეს შორის ზავი დაიდო, რასაც პალესტინაში ქრისტიანთა უფლებების ლეგალიზაცია მოჰყვა და მათ ნება დაერთოთ თავიანთი ხარჯით აღედგინათ დანგრეული ეკლესია-მონასტრები. აღდგა და განახლდა ხალიფა ალ-ჰაქიმის (996-1021) მიერ 1009 წ. დანგრეული უფლის საფლავის კომპლექსი, რაშიც მთელი ქრისტიანული სამყარო მონაწილეობდა, მათ შორის – ქართველებიც.

XI ს-ში ქართველთა გოლგოთაზე მოღვაწეობის შესახებ ცნობები, სამწუხაროდ, ნარატიულ წყაროებს არ შემოუნახავს. ძირითად ინფორმაციას იძლევა აღნიშნულ პერიოდში გადაწერილი ხელნაწერების ანდერძები. ამ მხრივ საინტერესოა იერუსალიმური ქართული ხელნაწერების კოლოფონები. თბილისში, სხეც-ში დაცული H-2337 ხელნაწერის ვრცელი ანდერძით დასტურდება, რომ XI ს. უფლის საფლავის კომპლექსში ქართველ ბერთა დასი მოღვაწეობდა. ხელნაწერში ივლის-აგვისტოს თვეებია აღწერილი. გადაწერილია 1049 წ. გოლგოთაზე ვინმე მიქაელის მიერ. ხელნაწერის მომგებელია გოლგოთის ქართველი ეპისკოპოს იოვანე, რაზეც მისი წოდება გოლგოთელი – მიუთითებს. ანდერძში ვკითხულობთ: „...დაესრულნეს თთუენი წელიწდისანი ბრძანებითა და მოღუაწებითა ღვთით შემოსილისა და სახიერისა მამისა და ტკბილისა მოძღურისა იოვანე გოლგოთელისაჲთა ... დაიწერნეს და განსრულდეს ქორონიკონსა სჲთ ჴელითა საწყალობელისა და ყოვლად განწირულისა და უმეტესად ყოველთა ადამეანთა შეცთომილისა მიქაელისითა... ვინ ესე წიგნი რაჲცა მიზეზითა გოლგოთისაგან გამოაჴუას, შემცაჩუენებულ არს ვითარცა ყოველნი მწვალებელნი და სულიმცა მისი დაშჯილ არს მათ თანავე განუჴსნელად. შეიმოსა ჴელითა კურთხეულისა მამისა ნისთერეონისითა, ღმერთმან აკურთხენ და მადლი მიეცინ სულსა მისსა. ლოცვა ყავთ მისთჳს, წმიდანო მამანო, პავლესთჳსცა ლოცვა ყავთ, დიად ამაშენა დანაისა ლესვითა“.

ანდერძით ირკვევა, რომ ხელნაწერი გადაწერილი იყო გოლგოთის ქართული საძმოსთვის. იოანე გოლგოთელის ხელმძღვანელობით წმ. მიწაზე ქართველი სასულიერო პირთა დასი აქტიურად მოღვაწეობდა. მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ წმ. საბას ლავრასთან. ამას მოწმობს იოანე გოლგოთელის შეწევნით 1052 წ. ჯერაკუმიას, იოვანესა და დიმიტრის მიერ საბაწმიდის ქართველთა ქვაბისთვის გადაწერილი მარხვანის (Sin.5), ანდერძი. ხელნაწერის შემმოსველი ზემოთ დასახელებული ნისთერეონია. ხელნაწერი Sin.5 დაცულია სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავში.

გოლგოთელ ეპისკოპოსთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი, კერძოდ, მისი დამოკიდებულება ჯვრის მონასტერთან. ჯვრის მონასტერი პალესტინაში და მის ფარგლებს მიღმა მეტოქიონებს ფლობდა, თავად ჯვარი კი გოლგოთის მეტოქიონად (მეტოქად) მიიჩნეოდა. გოლგოთაზე მყოფი ქართველი ეპისკოპოსი იმავდროულად ჯვრის მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდა. ამას იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული ქართულო ხელნაწერების მინაწერები მიუთითებს, კერძოდ, Jer. Geo. №51 ხელნაწერის – პატერიკის ანდერძი, რომელიც ჯვრის მამა ეპიფანეს (XVI ს.) ეკუთვნის: „მე სულთა საწყალობელმან და ყოვლად ცოდვილმან მღდელთ-მოძღუარმან და წმიდათა ქალაქსა იჱრუსალემსა კეთილად მსახურთა და ღმრთივ დაცულთა მეფეთაგან წარმოვლინებულმან აქა წმიდისა და საუფლოთა სისხლითა მორწყულისა წმიდისა გოლგოთისა და პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა მონასტრისა მამად და წინამძღურად ჩინებულმან უღირსმან ეპიფანე შევჰკაზმე წმიდა ესე და სულთა განმანათლებელი წიგნი...“ მეორე, Jer. Geo. №30 ხელნაწერის მინაწერი ნიკიფორე ჩოლოყაშვილისაა, რომელიც ჯვრის მამა და გოლგოთის წინამძღვარი (1643-1649) იყო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი ნიკიფორე, მამაჲ ჯვრისა და წმიდისა გოლგოთისა, ამინ.“

მართალია, ორივე მინაწერი XI ს-თან შედარებით გვიანდელია, მაგრამ ამ მინაწერებში ასახული გოლგოთისა და ჯვრის მონასტრის ურთიერთდამოკიდებულება ადრეულ, XI-XII სს. ტრადიციას ემყარება.

ვ. კეკელია


ლიტერატურა

  • გაგოშიძე გ., უმლეიზუნის ქართული წარწერა, მრავალთავი, №21, თბ., 2005;
  • მარი ნ., იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა, თბ., 1955;
  • მგალობლიშვილი თ., უცნობი ქართული მონასტერი წმინდა მიწაზე, მრავალთავი, №21, თბ., 2005;
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, 2 ნაკვ., თბ., 1979;
  • ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია), ტ. 5, თბ., 194;
  • ჯაფარიძე გ., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაარსება XI საუკუნის 30-იანი წლების ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიის შუქზე, „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, თბ., 2005.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები