გომიაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გომიაშვილი

გომიაშვილი ალექსანდრე – (1911 –1997), ქართველი პოეტი. დაიბადა სტეფანწმინდაში. 1933 წელს დაამთავრა თსუ. 1938-1940 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის” პოეზიის განყოფილების გამგე; 1929 წელს ჟურნალ „ქართულ მწერლობაში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „მთის ბალადა”, 1931 წელს – პირველი პოეტური კრებული „ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა”; ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: „საქართველო, ხელი ხმალს იკარ!” (1943), „დასაწყისი განთიადისა” (1946), „მშვიდობის ჯარისკაცი” (1950); პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია: „ანდეზიტის სიმღერა” (1932), „ლექსები” (1933, 1937, 1978), „დარიალი” (1940), „ლექსები და ბალადები” (1960). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


კავკასი
სად დარიალი ხრავს მოგონებას
და თერგი იბრძვის დაჭრილ ვეფხვივით,
იმდენი თქმულა მასზე პოემა,
რამდენიც არ აქვს კავკასს გრეხილი.-
იღუნებიან „მთანი მაღალნი“,
მოლოდინში რომ იდგნენ ზვიადად,
ხევიდან მოდის ნაღმის ნაღარის
ხმა, და მთა - გორი შეაზრიალა.
მოხევეების მხრებზე ნაშენი
აქ წარმოება სულ წინ მიდისო...
ძველ მთას არა აქვს თავის საშველი,
მოსჭერით კლდენი ანდეზიტისო!
მოსჭერით კლდე და გულისფიცარი
მოხუც ხევსურის სამშობლოისა,
რა ვუყოთ მერე, კლდენი ქვისანი
თუ ლაღუმების ხმაში მოისრა.
მოსჭერით კლდენი! - ნაღმის ხმებია.
გამოვიარეთ სნო და ქოსელი.
ეს - ყაზბეგელი მოხევენია,
ის კიდევ - ქვების მთლელი ოსები!
მოხევეების მხრებზე ნაშენი
აქ წარმოება სულ წინ მიდისო...
ძველ მთას არა აქვს თავის საშველი,
მოსჭერით კლდენი ანდეზიტისო!
მოსჭერით კლდენი - გადაბუგული
კავკასიონის თეთრი თეოსი!
მოდის კლდეებში ნაღმის გუგუნით
გამარჯვებული პრომეთეოსი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები