გორგაძე რევაზ
რევაზ გორგაძე – (1922-2006), ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1942 წელს, დანიშნეს ხულოს რაიონის სოფელ ფუშრუკაულის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად.
დაამთავრა ჯერ სამასწავლებლო, შემდეგ – პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა მშობლიური სოფლის სკოლაში დირექტორის მოადგილედ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. იყო კულტურის სამინისტროს სალექციო ბიუროს დირექტორი, საზოგადოება „ცოდნის“ ორგანიზატორი, გაზეთ „კომუნისტის“ საკუთარი კორესპონდენტი აჭარაში, გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ განყოფილების გამგე. 1980 წლის ივლისიდან 1993 წლის აპრილამდე მუშაობდა ძეგლთა დაცვის აჭარის საოლქო საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.
რევაზ გორგაძის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1942 წელს. მის ლექსებზე დაწერილია მუსიკა. ავტორია თორმეტი წიგნისა: „ტბელის ანდერძი“, „ნახტომი მთაში“, „თოჯინა ალაპარაკდა“, „ღიმილის კაცი“, „დამაყარე, ქალო მიწა“ და სხვ. მასვე ეკუთვნის ტრილოგია: „შურისძიება“, „ურჩხულის დამარცხება“ და „სიკვდილის საკანში“, ეძღვნება აჭარის სახელოვან მამულიშვილებს.