გორგილაძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

გორგილაძე ზურაბ – (1937–2006), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ხალაში (ქობულეთი). დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში. 1956 წელს დაამთავრა ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა 1961 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად. 1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. 1961 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „ნედლი სალამური“. ავტორია პოეტური კრებულებისა: „დიდი თვალები“ (1964), „ლირიკული პოემები“ (1969), „ზღვიდან აკრეფილი კენჭები“ (1970), „ლექსები“ (1973), „სინაზე“ (1977), „ლირიკა“ (1979), „მოფერება“ (1984) და სხვა. მისი ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტორიული წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო. პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კიდევ სამი.


* * *
შენ რომ ქუდი შემიბრუნე,
შენ რომ გული მომტაცევი...
აწი რაღაი, ქედნიმხარში
ვეღარ შეგელომკაცები.
ნეტაი იმ დროს, ტანხერტალავ,
ლენკარით თუ ბოკელათით,
სათიბში რომ შეგისწრებდი,
ზვინებში რომ მოგბელავდი.
ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს
რომ სცვიოდა ია მთების,
აწი გულის კუკულებზე
ვეღარ დაგინიავდები.
დეიზრდება, დეიყივლებს,
ი, ჭიორაი ჭუჭულები,
მე კი ყირმიზ ყურისძირში
ვეღარ ჩეგეფურჩულები.
კედლისკენ მაქვს პირი ახლა,
კედლებს ჩხვერენ ქორბუდები,
ღმერთმა იცის, სასიკეთოდ,
შენსკენ თუ გადმოვბრუნდები,
ვაიმე! - რაფერ გიბერდები,
და... რაფერ გინათესავდები.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები