გორდი
გორდი – ისტორიული სოფელი საქართველოში, იმერეთში (ხონის რ.).
სახელწოდება გორდის წარმოშობის ისტორიით ადრიდანვე დაინტერესებულან. კ. ჰანი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აცხადებდა, გორდი ბაყაყს ნიშნავსო. 1970-80-იან წლებში რუსი მეცნიერების ერთი ნაწილი ტენდენციურად ცდილობდა ქართულ ტოპონიმიაში სლავური გავლენების „აღმოჩენას“ ვ. სკურლატოვი, მაგალითად, უცერემონიოდ აცხადებდა, თბილისიც და გორდიც სლავური წარმოშობის ტოპონიმები არიანო. როგორც ჩანს, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატ სკურლატოვს გორდი ისეთივე რუსულ სახელწოდებად მიაჩნდა, როგორიცაა грозный („უდრეკი, მრისხანე, შეუპოვარი"). ტოპონიმი გორდის წარმოშობის გარკვევაში ზოგმა ქართველმა ისტორიკოსმაც თქვა თავისი სიტყვა, თუმცა სრულიად წარუმატებლად: ა. სვანიძე მაგალითად, ქართულ გორდს პარალელს მცირე აზიაში, ფრიგიაში უძებნიდა, რადგან თურმე იქაც არსებობს ქალაქი გორდიონი.
ხალხური ტრადიციული ცნობა ტოპონიმ გორდს ხის პატარა გობის იმერულ სახელწოდება გორდიასთან აკავშირებს: აქაური ხელოსნები გორდიების დამზადებით იყვნენ ცნობილნი და სოფელსაც მიტომ შეარქვეს ასეთი სახელიო.
ტოპონიმ გორდის წარმომავლობის თაობაზე საყურადღებო ვარაუდი გამოთქვა ბ. ჯორბენაძემ, რომელმაც გორდი ორი სიტყვისაგან შედგენილ სახელად მიიჩნია. მკვლევარის მიხედვით გორდი გორდიდი-საგან გვქონია მიღებული.
უნდა ითქვას, რომ ქართულ ტოპონიმიაში თითქმის არ შეინიშნება საზღვრული სიტყვა დიდი-ს შემოკლების შემთხვევები; ერთადერთი მაგალითი, თუ არ ვცდებით, სკურდი (– სკურდიდი) უნდა იყოს; ჩვეულებრივ კი საზღვრული „დიდი ტოპონიმები უცვლელად არის წარმოდგენილი: გადიდი, ზუგდიდი, მარადიდი, ზენდიდი, ჭყონდიდი, კონდიდი, მსხალდიდი… ენაში არ იძებნება ასეთი წარმოების ტოპონიმები: გადი, ზუგდი, მარადი, ზენდი, ჭყონდი, კონდი, სხალდი… ამიტომ თითქოს მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ნათელი შინაარსი მქონე გორდიდი-საგან სემანტიკურად გაუცნობიერებელი გორდი-ს წარმოქმნა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, გამონაკლისთან გვაქვს საქმე.