გორის მიწისძვრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის მიწისძვრა - 1920 წლის 20 თებერვალი

გორის მიწისძვრა - 1920 წლის 20 თებერვალს დიდი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, რომლის ეპიცენტრიც გორის მაზრაში დაფიქსირდა. პირველი ბიძგი 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებით - 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე, როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში.

Goris miwisdzvra.jpg

ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს. ღამის ბიძგს გორში დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, ხოლო განმეორებითმა მიწისძვრამ კი ქალაქი გორი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. მთავრობის მიერ შედგენილი სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, ქალაქ გორში აღწერილი 1336 შენობიდან არ დაზიანებულა მხოლოდ 16, 756 შენობა-ნაგებობა კი ან სრულად დაინგრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 მცირე რემონტს მოითხოვდა.

მიწისძვრის შედეგად ქალაქ გორში დაიღუპა 18 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 267-მა მცხოვრებმა. სრულად განადგურდა მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე სოფლები - ხიდისთავი და ოხერა, ასევე თითქმის მთლიანად დაინგრა სოფელი უფლისციხე, ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. მიწისძვრამ შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით, დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ 103 დააზარალა 7118 ოჯახი.

დიმიტრი სილაქაძე


ლიტერატურა

დ. სილაქაძე, გორის 1920 წლის მიწისძვრა. ჟურნალი ისტორიანი. თბ., №5/17, 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები