გოუბარი ეშ
ეშ გოუბარი – (ინგლ. Ash Gobar, 1930), ფილოსოფიის დოქტორი (1959), ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (ქ. ლექსინგტონი, კენტუკის შტატი, აშშ) პროფესორი (1968-1995) საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი - აკადემიკოსი (1996), ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე (წარმოშობით ქართველი);
დაიბადა 1930 წელს საქართველოში (ფოთის მახლობლად). 1937-1938 წლებში მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში ცხოვრობდა ჯერ ბულგარეთში, იუგოსლავიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში, 1950 წლიდან კი - ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაამთავრა უისკონსინის უნივერსიტეტი (1954), მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტში (1959-1961), ადიუნქტ-პროფესორი (1961-1967).
ეშ გოუბარმა შეიმუშავა ფილოსოფიური თეორია, რომელიც ცნობილია „დიალექტიკური რეალიზმის“ სახელწოდებით. 1990 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მან წაიკითხა ლექცია თემაზე: „ხელახალი შეხვედრა მეცნიერების ფილოსოფიასთან. დიალექტიკური რეალიზმი“. მოხსენების ტექსტის ქართული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალ „მაცნეში“ (ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1993, №2). მისი სტატიები დაიბეჭდა ,„ფილოსოფიური ძიებანის“ მესამე (1999), მეხუთე (2001), მეშვიდე (2003) და მეცხრე (2004) კრებულებში. ეშ გოუბარს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ევროპისა და ამერიკის ფილოსოფიურ ჟურნალებში ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიისა და სიცოცხლის ფილოსოფიის პრობლემებზე, აგრეთვე სტატიები თანამედროვე ქართული ფილოსოფიის შესახებ ინგლისურენოვანი მკითხველისათვის.
თხზულებები
- „ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები“;
- „ფილოსოფია, როგორც უმაღლესი განმანათლებლობა“.