გრამატიკული ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრამატიკული ფორმა − გრამატიკული შინაარსის გამოხატულება. განსაზღვრებისას მხედველობაშია მისაღები, ერთი მხრით, სიტყვათა ფლექსიური და დერივაციული ცვლილებები, მეორე მხრით, – გამოხატულების პლანი და შინაარსის პლანი.

ფლექსიური ცვლილება წმინდა გრამატიკული ცვლილებაა, ანუ სიტყვის ფორმისა და შინაარსის ისეთი ცვლილება, რომელიც არ ეხება ლექსიკურ მნიშვნელობას; დერივაციული ცვლილების დროს, პირიქით, იცვლება სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა. სახელის ბრუნება (კაც-ი, კაც-მა, კაც-ს…) ფლექსიური ცვლილებაა; ახალი ლექსიკური მნიშვნელობის წარმოქმნა (კაც-ურ-ი, სა-კაც-ე, უ-კა-ცო…) კი – დერივაციული ცვლილება. ბრუნვის ნიშნები -ი, -მა, -სფლექსიური ელემენტებია, მიეკუთვნებიან მორფოლოგიურ სისტემას: -ურ, სა – ე, უ– ო კი – დერივაციული ელემენტებია, მიეკუთვნებიან ლექსიკურ სისტემას.

გამოხატულების პლანი ვარაუდობს სიტყვის მატერიალურ რეალიზაციას– მეტყველებაში ეს არის ბგერათა თანამიმდევრობა; შინაარსის პლანი არის ის მნიშვნელობა, რომელიც ივარაუდება გამოხატულების პლანის მიხედვით.

გრამატიკული ფორმა გამოხატულების პლანისა და ფლექსიური შინაარსის ერთიანობაა. იგი განისაზღვრება სიტყვაში წარმოდგენილი მეტყველების ნაწილთა კატეგორიების მნიშვნელობებითა და ამ კატეგორიათა ფორმალური რეალიზაციით. მაგ. კაც-ებ-ი – გრამატიკული ფორმის მნიშენელობას განსაზღვრავს სახელობითი ბრუნვა და მრავლობითი რიცხვი, რომლებიც წარმოდგენილია -ი და -ებ სუფიქსებით.

გრამატიკული ელემენტები ენაში ცალკე არ არსებობს, ისინი ერთვიან ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელ ფუძეს. ამიტომ გრამატიკულ ფორმებზე მსჯელობისას გვიხდება სიტყვის მნიშვნელობის განყენება ფუძის (ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელი ელემენტის) გარეშე.

რომელიმე ფორმა, მაგ., ძმა, როგორც გრამატიკული ფორმა, ზუსტად იმავე მნიშვნელობისაა, რა მნიშვნელობაც აქვს ფორმას კაც-ი. მაგრამ ძმაში სახელობითი ბრუნვა მატერიალურად არ არის გამოხატული, როგორც ფორმაში /კაც-ი/. ასეთი განსხვავების მიზეზი არის ფონემატური სისტემა, რომლის მიხედვითაც ხმოვანთა კომბინაციები ქართულში არაბუნებრივია, ეს წესი გავლენას ახდენს მორფოლოგიურ ელემენტთა ურთიერთობაზე გამოხატულების პლანში: ძმა-ი > ძმა. მაშასადამე, სახელობითის -ი ნიშნის დაკარგვა გრამატიკული სისტემის მოთხოვნით არ მომხდარა. ამიტომ გრამატიკული მნიშვნელობა /ჰმა/ ფორმას მაინც შემორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ /ძმა/ ფორმა ისე უპირისპირდება ბრუნების კატეგორიის სხვა პარადიგმატულ წევრებს, როგორც /კაც-ი/: ძმა, ძმა-მ, ძმა-ს… შდრ: კაც-ი, კაც-მა, კაც-ს… რადგან /ძმა/ გრამატიკულად მაინც სახელობითი ბრუნვაა, მიუხედავად ნიშნის უქონლობისა. ასეთი შემთხვევებისათვის შემოღებული იქნა ტერმინი ნულოვანი ალომორფი (0), რომელსაც გრამატიკულად ამ შემთხვევაში იგივე მნიშვნელობა აქეს, რაც -ი სუფიქსს. (-ი) და (0) ერთიმეორის პოზიციური ვარიანტებია: - ი გვაქვს თანხმოვანფუძიანი სახელების ფორმებში, 0 კი – ხმოვანფუძიანი სახელების ფორმებში.

ნულოვანი ალომორფების გაუთვალისწინებლობა გრამატიკულ ანალიზში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს გრამატიკულ ფორმათა განსაზღვრისას. მაგ., გავრცელებული თვალსაზრისით, გაქებთ მხოლოდ ერთი გრამატიკული ფორმაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმით შეიძლება გამოიხატოს პირთა განსხვავებული კომბინაციები (გაქებთ მე თქეენ | ჩეენ შენ | ის თქვენ | ჩვენ თქვენ). ამათგან პარადიგმაში მხოლოდ ერთს ტოვებენ (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა…), მაგრამ, თუ გრამატიკულ ფორმას მივიჩნევთ გამოხატულებისა და შინაარსის პლანის ერთიანობად, საქმე გვექნება ოთხ გრამატიკულ ფორმასთან. მათ განსასხვავებლად საჭიროა თავთავის ადგილას ჩაიწეროს ნულოვანი ალომორფები, კერძოდ, (1) 0-გ-ა-ქ-ებ-თ მე თქვენ: 0- ამ ფორმაში გამოხატავს I სუბიექტ. პირს (S1) პირდაპირ-ობიექტ. II პირის (Od2) წინა პოზიციაში; თ- სუფიქსი გრამატიკული ფორმის ბოლოს გამოხატავს პირდაპირ ობიექტ. II პირის სიმრავლეს (O2dp); (2) გა-ქ-ებ-0-თ ის თქეენ: -0 გამოხატავს სუბიექტ. III პირს (S3); საშუალ ქართულში და დღესაც მთის დიალექტებში ჩვეულებრივია გაქებ-ს-თ, -ს- დაიკარგა ფონემატური შეუთავსებლობის მიზეზით; (3) 0-გ-ა-ქ-ებ-თ ჩვენ შენ: 0- აქაც S1-ის ალომორფია. ამ პირის სიმრავლე გამოხატულია -თ სუფიქსით (შდრ. პირველი შემთხვევა); (4) 0-გ-ა-ქ-ებ-თ-0 ჩვენ თქვენ: პირველი 0- არის S1ის ნიშანი, მეორე -0 კი გამოხატავს O2dpის სიმრავლეს, რომელიც პირველ შემთხვევაში გამოხატული იყო მატერიალურად, აქ კი S1ის -თ სუფიქსის მომდევნოდ ფონემატური შეუთავსებლობის გამო ჩავარდნილია.

თ. უთურგაიძე


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. 1, თბ., 1950; * შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I. თბ. 1952.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები