გრაფიტი
გრაფიტი − (ბერძ. gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), რუხი ან შავი ფერის, ფენოვანი სტრუქტურის, ცეცხლგამძლე, დენგამტარი, კრისტალური მინერალი თვითნაბადი ელემენტების კლასიდან, ნახევრად ლითონი, ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული სახეობა. გავრცელებულია მიწის ქერქში.
სიმკვრივე – 2090-2230 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 1-2.
მიიღება ხელოვნურადაც, ანტრაციტის გახურებით უჰაეროდ. მისგან ამზადებენ ფანქრებს, ცეცხლგამძლე ტიგელებს, ელექტროტექნიკურ ნაწარმს და სხვ. დიდი ბუდობები გვხვდება ქვანახშირის საბადოებში. ბუნებრივი გრაფიტი შეიცავს 10-12% თიხის მინარევებსა და რკინის ჟანგეულებს. გრაფიტის სახეობებია: აგრიგალებული, ბუდისებრი, ვარსკვლავისებრი, ვერცხლისებრი, ვერცხლური, თუჯის, კარბიდული, კოშტოვანი, მომრგვალებული, რეკრისტალირიზებული, სფეროიდული, ტიგელური, ფირფიტოვანი, ქერცლოვანი, წერტილოვანი, ხსნარისა და სხვ.