გრეიპფრუტი ფოსტერი
გრეიპფრუტი ფოსტერი - გრეიპფრუტ ვალტერის სახესხვაობას წარმოადგენს, აღმოჩენილია 1907 წელს ფოსტერის მიერ.
ვარჯი (კრონა) დიდი, მრგვალი და უხვად შეფოთლილია. ფოთლები მოგრძო ოვალურია, საშუალო ზომისა, მოკლე ყუნწზე ფრთები აქვს. თეთრგვირგვინიანი ყვავილები საშუალო ზომისანი არიან. მტვრიანები მრავალია, 20-ზე მეტი, ბუტკო ცილინდრულ-სვეტიანია, რომელიც ერთნაირადაა გაფართოებული როგორც დინგის, ისე ნასკვის მიმართულებით.
ნაყოფი
მსხმოიარობა უხვი იცის, საშუალოზე ადრეულია. ნაყოფი ლამაზია, დიდი, ოდნავ ბრტყელი, გლუვზედაპირიანი, უფრო მეტად ჩამჯდარი და დიდი ჯირკვლებიანი. წონა 400 გრ-მდე აღწევს, სიმაღლე – 9,0 – 9,5 სმ. დიამეტრი 10-11 სმ.
ნაყოფის წვერი ბრტყელია, დაბალბორცვიანი. ბუტკოს კვალი პატარაა. ფუძე თითქმის სწორია, ცოტა დაღარული. კანი 1,5 სმ. სისქისაა, გარედან ყვითელი ნარინჯისფერია, ალბედო ვარდისფერია. გემო მწარე აქვს. შებმულობა კანთან ძლიერია. გულის ღერძის დიამეტრი 1,5 სმ, სეგმენტები – 12 – 13, გრძელი, მახვილსოლისებრი, თანაბარი. საწვნე უჯრედები უწესოა – თითისტარა და მოკლე.
გემო მეტად კარგი აქვს. წვენი იცის საშუალო რაოდენობით, ის გამჭვირვალე – ყვითელია.
სირბილე განაჭერზე ლიმონისმაგვარია; სეგმენტების აპკები თხელი და გამჭვირვალეა. სირბილე ყვითელია, ვარდისფერი ელფერით, მარცვლოვანი.
თესლი
თესლი მრავალი აქვს 50-მდე, მსხვილი, ნაოჭზედაპირიანი, ქალაძას საფარი ვარდისფერია, ლებნები თეთრია, – 3–4 რაოდენობით, ჩანასახი პატარა და თეთრია. მწიფდება დეკემბრის ბოლოს, ინახება მაის-ივლისამდე. ჯიში შეიძლება პერსპექტიულად ჩავთვალოთ.