გრემის ეკლესიების კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრემის ეკლესიების კომპლექსი – (XVI-XVII სს.), მდებარეობს ნაქალაქარის ტერიტორიაზე, სავაჭრო უბნის აღმოსავლეთ განაპირას, „მთავარანგელოზთა“ მთის ძირში. შედგება შედგება ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი სამი დარბაზული ეკლესიისგან.

თავდაპირველად ააგეს მცირე ზომის (3,6 X 3,6 მ) ეკლესია. რომელსაც შემდგომ სამხრეთიდან მიაშენეს სიგრძით ტოლი, მაგრამ შედარებით ვიწრო ეკლესია (3,6 X 2,9 მ), ჩრდილოეთით, 1,2 მ მოშორებით, ააგეს გაცილებით მოზრდილი ეკლესია (6 X 4,5 მ), თავდაპირველ ეკლესიას კი სამრეკლო დააშენეს. ამასთან, თავდაპირველ და ჩრდილოეთით მდგარ ეკლესიას შორის, მოაწყვეს ვიწრო, გეგმით სწორკუთხა სათავსი (სიგრძე 1,2 მ), რომლის თავზე, მომდევნო ხანებში, მეორე სართული დააშენეს. ეკლესიები ძირითადად ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაშენი. სამრეკლო და სათავსის მეორე სართული მთლიანად აგურისაა.

სამივე ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შუა ეკლესიის კარი სწორკუთხაა, განაპირებისა – შეისრულთაღოვანი. სამივე ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარ-წრიული აფსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია მოწყობილი, მის ორივე მხარეს კი – თითო მცირე ზომის ნიში. თითო ნიში ჩრდილოეთ ეკლესიის გრძივ კედლებშია, ერთი – სამხრეთ ეკლესიის ჩრდილოეთის კედელში. შუა და ჩრდილოეთ ეკლესიებში, საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელი დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებშიცაა.

ეკლესიები შიგნით გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, გარედან კი – კრამიტის ორკალთა სახურავით. სათავსის მეორე სართულის სახურავი ცალფერდაა.

სამრეკლო ექვსწახნაგა ფანჩატურია, რომლის ყოველ წახნაგში თითო განიერი, მაღალი თაღია. გადახურულია ნახევარსფერული გუმბათით.

ეკლესიების კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი, ხერხულა ლავგარდნით. ანალოგიური ლავგარდანი სამრეკლოს ფანჩატურსაც აქვს.

სამხრეთით მდგარი ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. მის ორივე მხარეს კი – თითო, გაცილებით მაღალი, სწორკუთხა ნიში, რომლებშიც თითო ხაჩკარია ჩასმული. მსგავსი ნიში ჩრდილოეთით მდგარი ეკლესიის შესასვლელის გვერდითაცაა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები