გრიგოლია ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო გრიგოლია

ლადო (ვლადიმერ) გრიგოლია − (დ. 28 ივნისი, 1903; სეფიეთი — გ. 11 იანვარი, 1977; თბილისი), ქართველი მოქანდაკე და მხატვარი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973).

დაიბადა 1903 წელს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, მოსამსახურის ოჯახში, პირველდაწყებითი განათლება მიიღო იქვე, დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი ბათუმში (1924), დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი (1930), გაიარა ქანდაკების კურსი პროფესორ იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, დაამთავარა გრაფიკის კლასი პროფესორების შარლემანისა და ლანსერეს ხელმძღვანელობით.

1928 წლიდან ლადო გრიგოლია ქართველ მხატვართა საზოგადოებაში შედის, ხოლო 1932 წლიდან საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის წევრია. 1934 წელს მხატვარი მონაწილეაობას იღებს ექსლიბრისტების საერთაშორისო გამოფენაში ლოს-ანჟელესში, სადაც საპატიო დიპლომს იმსახურებს.

1933 წლიდან ლადო გრიგოლია მიწვეულია თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გრაფიკის კურსს უძღვება ჯერ დოცენტის, ხოლო 1947 წლიდან პროფესორის წოდებით.

1946 წელს მხატვარს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება ენიჭება.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ლადო გრიგოლია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს შრიფტისადმი და იწყებს სერიოზულ მუშაობას ქართული აკადემიური შრიფტის შესაქმნელად. ათწლეულების მანძილზე მხატვარი დაძაბულად მუშაობს ამ დარგში. მის მიერ დამუშავებული ქართული აკადემიური შრიფტი და ამ სისტემის მხატვრული ვარიაციები არა მარტო აკადემიაში სწავლების „ქრესტომათიად“ არის კანონიზებული, არამედ მხატვრის ღვაწლად და გრაფიკის შენაძენადაა აღიარებული.

განსაკუთრებულ წარმატებას აღწევს ლადო გრიგოლია ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების დარგში; მკაცრი სისადავე და იუველირის დახვეწილობა განუმეორებელს ხდის მის გაფორმებულ წიგნებს, რომელთა გამომსახველობაში განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება შრიფტს, როგორც მხატვრობის ელემენტს. ლადო გრიგოლია ამ დარგში თაობათა მასწავლებელი და სიტყვაშეუბრუნებელი დიდოსტატია.

ლადო გრიგოლიას ათობით ქართული წიგნი აქვს მხატვრულად გაფორმებული; საყურადღებოა: „ვეფხისტყაოსნის“ (1937), აკაკი წერეთლის (1940), ლესინგის (1949), ქართული პოეზიის ანთოლოგიის (ინგლისურ ენაზე), ვაჟას, ილიას, გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა ლადო გრიგოლიასეული გრაფიკული გაფორმება.

1973 წელს, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ „ვეფხისტყაოსნის“ (1971), ვაჟა ფშაველას რჩეულ თხზულებათა ერთტომეულის (1971), მსოფლიო ლიტერატურის რჩეული ბიბლიოთეკის (1971-1972), გალაკტიონ ტაბიძის თორმეტტომეულის (1972) მხატვრული გაფორმებისა და ქართველ მწერალთა გრაფიკული პორტრეტების შექმნისათვის ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე გრიგოლიას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ლადო გრიგოლია გარდაიცვალა 1977 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები