გრიგორიევი იოსები
გრიგორიევი იოსები – (03.11.1795 ქ. თბილისი, – 29.02.1880, იქვე), დეკანოზი.
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1805 წ. მამამ ათი წლის იოსები თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარა, სადაც ის დადებითად ხასიათდებოდა, კარგად სწავლობდა და კლასიდან კლასში მადლობის ფურცლითა და ჯილდოთი გადაჰყავდათ. იყო ნიჭიერი, თავმოყვარე, თავდაჯერებული, კითხვაზე შეყვარებული, კარგი ხატმწერი და მხატვარი. მის მიერ შესრულებული ხატები მრავლად იყო თბილისის ეკლესია-მონასტრებში.
1812 წ. 29 მარტს თბილისის წმ. დავითის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1815 წ. 3 აპრილს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) დიაკვნად აკურთხა. 1824 წ. 6 იანვარს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მღვდლად დაასხა ხელი. 1827 წ. 20 დეკემბერს გრიგორიევს დაევალა თბილისის სამედიცინო პუნქტებში ყვავილით აცრაზე კონტროლი. 1834 წ. 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა. 1835 წლის დიდმარხვაში გრიგორიევიმა 30 ფიცარზე დახატა ჯვრები და საჩუქრად გაგზავნა ოსეთის ეკლესიებში, რის გამოც 1835 წ. 6 ივლისს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) მადლობა გამოუცხადა. 1837 წ. 20 დეკემბერს საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა გამრჩევ კომისიის წევრად დაინიშნა. 1841 წ. 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1844 წ. 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. წლების განმავლობაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის და მამა დავითის ტაძრის გამშვენება-განახლებისთვის ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დეკანოზის პატივი მიანიჭა. 1850 წ. 7 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1861 წ. 22 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა, 1866 წ. 26 მარტს წმ. ანას II ხარისხის ორდენი (საიმპერატორო გვირგვინის გარეშე) მიიღო. 1872 წ. 20 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა. 1875 წ. 22 თებერვალს ეკლესიაში ორმოცდაათწლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. გარდა ამისა, მიღებული ჰქონდა ბრინჯაოს ჯვარი წმ. ვლადიმირის ლენტით 1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვროდ.
გრიგორიევი თბილისის სამღვდელოებაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. მის სიტყვას ენდობოდნენ ეპისკოპოსები და ქალაქის წარჩინებულები. განსაკუთრებით უყვარდა იგი რიგით მრევლს, რომლებიც მასში მზრუნველ მამასა და კეთილ მწყემსს ხედავდა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მას არაერთ კეთილ და სასარგებლო საქმეში აქვს მიღებული მონაწილეობა და ყველგან პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანის სახელი დატოვა. იცოდნენ რა მისი წმინდა ცხოვრებისა და ასკეტური მოღვაწეობის შესახებ, თბილისის სამღვდელოებამ იგი თავის სულიერ მოძღვრად გამოარჩია.
დიდია გრიგორიევის დამსახურება წმ. დავით გარეჯელის ტაძრის აღდგენისა და გამშვენების საქმეში, რასაც თითქმის ნახევარი საუკუნე წინამძღოლობდა.
გრიგორიევი დაკრძალულია თბილისის მთაწმინდის წმ. დავით გარეჯელის ეკლესიაში.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
- სცსა, ფ. 48, აღწერა 1, საქმე №33877; საქმე №62080; ფ. 487, აღწერა 6, საქმე №1-ა.
- Мтадцминдская Церковь св. Давида и ея строители, С-П., 1886 г.