გრუმ-გრჟიმაილო გრიგოლ
გრიგოლ გრუმ-გრჟიმაილო – (1860-1926 წ.წ.) ცნობილი რუსი მოგზაური; დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი; ზოოლოგი; თავის ძმა მიხეილ ექვთიმეს-ძესთან ერთად მან გამოიკვლია ცენტრალური აზია.
1884-1885 წ. გ. ე. გრუმ-გრჟიმაილომ გამოიკვლია ალაის ქედის რაიონი, პამირის ჩრდილო კალთები და ბუხარის მთელი მაღლობი ნაწილი. 1886 წ. ის განაგრძობდა გამოკვლევებს თურქესტანში, ფერგანის ჩრდილო ნაწილში, ნარიმის ხეობაში, ტბა ჩატირ-ყულის რაიონში, კაშგარიაში და კვლავ პამირის ჩრდილო ნაწილში.
1887 წ. გ. ე. გრუმ-გრჟიმაილომ გამოიკვლია ცენტრალური და აღმოსავლეთი პამირი. შემდეგ წელს მან ინახულა შუა ურალი და 1889 წ. კი ტიან-შანის აღმოსავლეთი ნაწილი და ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები.
გრუმ-გრჟიმაილოს ექსპედიციებმა საინტერესო ცნობები მოგვაწოდა ისეთი ქვეყნების შესახებ რომლებიც აქამდე მცირედ ან სრულიად არ ყოფილა გამოკვლეული; განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ერთი, ლუკჩუნის ამოქვაბულის აღმოჩენას და აღწერას, რომელიც ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს, და, მეორე, ახალ ცნობას ბეი-შანის მთიანი ქვეყნის შესახებ, რომელიც წარმოადგენს უდაბნო გობის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს, ერთის მხრივ, ტიან-შანსა და, მეორე მხრივ, ნან-შანს შორის. 1896-1907 წ.წ. განმავლობაში გამოიცა მისი გამოკვლევების სამი ტომი „დასავლეთ ჩინეთში მოგზაურობის აღწერა“.