გრძელნისკარტა ბატასინი
გრძელნისკარტა ბატასინი (ლათ. Mergus serrator Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 210-260 მმ-ია, ნისკარტი – 50-60 მმ, წონა – 780-1350 გ. მამალი დიდია დედალზე. ფეხები განლაგებულია წაგრძელებული სხეულის უკანა ნაწილში. კისერი გრძელი და წვრილი აქვს. გვერდებიდან შეზნექილი ნისკარტი ვიწრო და მოკაუჭებული „ფრჩხილაკით“ ბოლოვდება. სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული შეფერილობაშიც. მამალს გამრავლების პერიოდში თავი და კისრის ზედა ნაწილი შავი აქვს, მომწვანო-იისფერი მეტალური ელვარებით. თავზე მეჩხერი, მაგრამ წვრილი და გრძელი ბუმბულების ქოჩორია. კისერი შუა ნაწილში თეთრია. კისრის უკანა მხარეს გასწვრივი შავი ზოლი გასდევს. ზურგი და მხრების შიგნითა ბუმბულები შავია, წელსა და სხეულის გვერდებზე აქვს განივი ტალღისებური შავ-თეთრი ზოლები. მხრების გარეთა, ფრთების ზემო მფარავები და მეორე რიგის მომქნევები თეთრია. მოქარცისფრო ჩიჩახვსა და მკერდზე მურა ფერის კოპლებია. ფრთაზე თეთრი „სარკე“ შავი ზოლებით სამ ნაწილადაა გაყოფილი. დედალი თავსა და კისერზე მოჟანგისფრო-მოწაბლისფროა. მოქარცისფრო გვერდებზე თეთრი წინწკლებია. ყელი თეთრია. სხეულის ზურგის მხარე, ფრთების მფარავების უმრავლესობასთან ერთად, მუქი მურაა, მორუხო არშიებით. თეთრ ჩიჩახვზე მუქი წინწკლებია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტუნდრის, ნაწილობრივ ტყე-ტუნდრისა და ტყის ზონებში. ნაპოვნია კუნძულ ახალ მიწაზე. ევრაზიაში სამხრეთი საზღვარი გადის ლატვიასა და ესტონეთზე, ფსკოვზე, ვოლოგდაზე, უფაზე, ნარინის რაიონზე, ენისეის გადაკვეთს მე-60 პარალელზე, მოიცავს ბაიკალს და ამურს მის შესართავამდე. იზოლირებული ბუდობები ცნობილია შავ ზღვასა და სევანის ტბაზე. ზამთრობს ბალტიის, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებზე, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის წყნარი ოკეანის ნაპირებზე. საქართველოს ფარგლებში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში სახლდება მეტად ნაირგვარ ბიოტოპში – ჩრდილოეთის ზღვების შხერებში, ზღვისპირა ტბებზე, ტუნდრის ზონის მდინარეებსა და გამდინარე ტბებზე, ტაიგის ზონის ჩრდილოეთ ნაწილში მთებსა და მთისწინეების მდინარეებზე, სამხრეთის ზღვების ღია, ქვიშნარ კუნძულებზე.
გამრავლება
დაწყვილება მიმდინარეობს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, ჯერ კიდევ საზამთრო ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის ბუმბულითაა ამოფენილი. მაისის მეორე ნახევარში ან ივნისის პირველ რიცხვებში დებს 8-10 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 31-32 დღეს გრძელდება.
კვება
ტიპური ზოოფაგი ფრინველია. საკვების ძირითად ნაწილს შეადგენენ თევზები, რომელთაც იჭერს ცურვითა და ჩაყვინთვით. წყალქვეშ მოძრაობს არა მარტო ფეხების, არამედ ფრთების მოსმითაც.
მნიშვნელობა
როგორც სანადირო ობიექტი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამასთან ხელს უწყობს ლიგულას (პარაზიტული ჭიის) გავრცელებას, რომლითაც თვითონაც ავადდება და თევზებსაც აავადებს.