გრძელნისკარტა ჩვამა
გრძელნისკარტა ჩვამა (ლათ. Phalacrocorax aristotelis Linnaeus, 1761) – საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 260-290 მმ-ია, ნისკარტი – 55-70 მმ, წონა – 1600-2000 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა, მაგრამ იგი ცვალებადობს ასაკისა და სეზონების მიხედვით. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა შავია, მწვანე მეტალური ელვარებით, რაც განსაკუთრებით ძლიერაა გამოხატული კისრისა და თავის ზემო მხარეს. ზურგის წინა ნაწილის, ბეჭების, მხრებისა და ფრთების ზემო მფარავები მომწვანო-ბრინჯაოსფერია, რომელთაც აგრეთვე კარგად ეტყობათ მეტალური ელვარება, ხოლო ცალკეულ ბუმბულებს აქვთ ელვარე ხავერდოვანი-შავი არშიები, რაც ქერცლოვან სახეს აძლევს სხეულის აღნიშნულ ნაწილებს. შიშველი კანი თვალების ირგვლივ და ნისკარტის ძირში ყვითელია, ნისკარტის ირგვლივ შავი წინწკლებით. გამრავლების დროს. ზრდასრულ ფრინველს თავზე წინ წახრილი პატარა შავი ქოჩორი უვითარდება. შავი ნისკარტი წვეროსაკენ უფრო მკრთალდება, ხოლო ქვედა ყბის ძირში ყვითელია. ნისკარტი შედარებით გრძელია. ფეხები შავია; კუდი შედგება საჭის 12 მაგარი ბუმბულისაგან.
ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის გრძელნისკარტა ჩვამა – Ph. a. desmarestii Payradeau, 1826.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებს, კოლის ნახევარკუნძულიდან გიბრალტარის სრუტემდე, ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებს ყირიმის ნახევარკუნძულამდე. უმრავლეს შემთხვევაში ამავე ადგილებში ზამთრობს ან მცირედ ინაცვლებს სამხრეთისაკენ. საქართველოში გვხვდება როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ზღვების სანაპირო მაღალი, ნაშალი კლდეები, მღვიმეებითა და ღრმა ნაპრალებით; პატარა კლდოვანი კუნძულები ან ზღვაში ცალკე მდებარე კლდეები, მცირე მცენარეული საფარით.
გამრავლება
ბუდობს ზღვების სანაპირო კლდეებზე, ნაპრალებსა და მღვიმეებში კოლონიებად, ხშირად სხვა ფრინველებთან ერთად. ბუდეს აკეთებს მცენარეთა ხმელი ნაწილებისაგან. აპრილში დებს 3–5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 32 დღეს აღწევს. იჩეკებიან ტიტველი და უსუსური მართვეები, რომლებიც შეღინღვლას 8 დღის შემდეგ იწყებენ. ბუდეს ტოვებენ 2 თვის ასაკში.
კვება
სხვა ჩვამების მსგავსად, იკვებება მხოლოდ თევზებით, მაგრამ მათ შორის ძირითადი უნდა იყოს ქაფშია, რადგან ამ თევზის მიგრაციასთან არის დაკავშირებული გრძელნისკარტა ჩვამას ადგილგადანაცვლებანიც.
მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.