გუდანის ხატი ღილღოში
გუდანის ხატი ღილღოში – ერთხელ გამოეცხაღა გახუა მეგრელაურს გუდანის ჯვარი და ამცნო: ღილღოში (ინგუშეთში) უნდა წავიდეთ ბეგარის ასაკრეფად და ჩემი მკადრე და ორი დასტური უნდა გამომყვეთო. გახუამ და ორმა დასტურმა მოიყვანეს თითო საკლავი და დაკლეს. მეორე დილას მივიდნენ გუდანის ჯვარის კარზე. გახუამ სამკადრეო გადაიფინა ხელზე და მოუვიდა გუდანის ჯვარი მტრედის აღით. გაფრინდა მტრედი და უკან გაყვნენ მას დასტურები და გახუა. მტრედი ხან ჯვარის სახედ გადაიქცეოდა, წინ მიუძღვებოდა, ღამით გზას უნათებდა. ასე იარეს დღით მტრედის კვალზე, ღამით ჯვრის ნათელზე და, ბოლოს, მივიდნენ ღილღოს სოფელ თარგამეში. სოფელში ხალხი შეიყარა, წაართვეს გახუას ჯვარი და კიდობანში ჩაამწყვდიეს. გახუას უთქვამს, გაუშვით, თორემ ცუდად წაგივათ საქმეო. ღილღველებმა სიცილი დააყარეს: შენი ჯვარი, გახუა, შვრიას ჭამს კიდობანშიო. ბოლოს, გახუას ხახმატის ჯვარისთვის უთხოვნია, გუდანის ჯვარი დამიპატიმრეს და მიშველეო, დაიხსენი შენი მოძმეო.
როცა ღილდველნი შეყრილან, თავის მკითხავიც თან მოუყვანიათ. ამ დროს ღილღველების თვალწინ გახუას ვერცხლის ყელსაბამი ახსნია და ისევ ასხმულა, და ისევ ყელზე შებმია. ასე უქნია სამჯერ ჯვარს და სწორედ ამ დროს მოსვლია ღილღველების ქადაგს თავისი იარდა (ღილღველთ სალოცავი, ქართველთა ჯვარის ანალოგიური). იარდამ ქადაგს, თავის მეენეს უთხრა: გუდანის ჯვარი მესტუმრა, თქვენ კი მასხრად იგდებთ? დამუქრებია ღილღველებს თავიანთი სალოცავი: თქვენ ჩემს სტუმრებს პატივს არ სცემთ და გაგანადგურებთო როცა ღილღველთა ქადაგი ამას აცხადებდა, ღილღველნი – ყველანი ერთიანად მუხლმოყრილნი იყვნენ და თავები დახრილი ჰქონდათ. ქადაგმა რომ დაამთავრა სიტყვა, გაიქცნენ, მოიყვანეს საკლავი და, სადაც გუდანის ჯვარი ჰყავდათ დამწყვდეული, იქ დაკლეს. მერე ახადეს კიდობანს თავი, ამოფრინდა მტრედი და კიდობნის თავზე დაჯდა. ისეთი შუქი გამოუტევა, რომ თვალი ვერავინ გაუსწორა. ახლა, როცა ამ სახით იხილეს ღილღველებმა გუდანის ჯვარი, შეშინებულებმა ხვეწნა დაუწყეს: დალოცვილო გუდანის ჯვარო, გვაპატიე და კომლზე თითო საკლავს დაგიკლავთო. მოიყვანა მთელმა ღილღომ კომლზე თითო საკლავი და შესწირეს გუდანის ჯვარს. გამართეს დიდი ლხინი ღილღველებმა: მოხარშეს ხორცი და ჭამა ყველამ – დიდმა და პატარამ, ქალმა და კაცმა. ტყავები კი გუდანის ჯვარიონს მისცეს. ამ დღიდან დამეგობრებულან გუდანის ჯვარი და ღილღველთა იარდა.
ამის შემდეგ გუდანის ჯვარი რომ ესტუმრებოდა ღილღველთა იარდას, დიდი ამბით ხვდებოდნენ ღილღველნი და საკლავებს ახვედრებდნენ. ერთხელ ერთ ღილღველს მთლიანად თეთრი, უნიშნო ხბო მოუყვანია დასაკლავად. ხუცესს რომ ხუცობა დაუწყია, გუდანის ჯვარი მტრედის სახით დაფრენილა ხბოს თავზე. ხუცობა რომ დამთავრდა და ხბო უნდა დაეკლათ; მტრედიც გაუჩინარდა. ღილღველებს შეშურდათ, კინაღამ ჩახოცეს ერთმანეთი: შენი საკლავი რად მიიღო კარგად გუდანის ჯვარმა, ჩვენი კი არაო?