გუდაუთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაღაზია „გუნდა“

გუდაუთა − (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 10 მ-ზე. სოხუმიდან დაშორებულია 43კმ-ით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ქალაქი გუდაუთა მდინარე გუდოუს შესართავთან მდებარეობს. ამ ადგილას დასახლება XIX ს. 30-იან წლებში სოფელ ლიხნიდან გამოყოფის გზით აღმოცენდა. სახელწოდება, მდინარის სახელისაგან მომდინარეობს -თა ადგილის სუფიქსის დართვით. თავდაპირველად მას და მდინარე გუდოუს გუდავა ეწოდებოდა. გუდოუ გუდავას აფხაზური ფორმაა.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გუდაუთა სწრაფად გაიზარდა და დაწინაურდა. XIX ს. შუა ხანებში გუდაუთა პატარა სავაჭრო დაბა იყო ასი მცხოვრებით. 1874 წელს აქ სადაბო მმართველობა დაფუძნდა. მისი მნიშვნელობა გაიზარდა 90-იანი წლებიდან, როდესაც გუდაუთაზე გავლით გაიყვანეს გზატკეცილი, რომელმაც სოხუმი ნოვოროსიისკთან დააკავშირა. XX ს. დამდეგს იგი ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1918-1921 წწ.) გუდაუთის მაზრის ცენტრი იყო. საბჭოთა ხელისუფლების წლებში, 1921-1930 წლებში გუდაუთის მაზრის, ხოლო 1930 წლიდან გუდაუთის რაიონის ცენტრია. 1926 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად (ხორავა, ჭანტურია, 2019: 69-70).



წყარო

აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები