გულაკი ნიკოლოზ
ნიკოლოზ გულაკი – (უკრ. Мико́ла Гула́к) 25 მაისი 1821, ვარშავა – 27 მაისი [8 ივნისი] 1899, ელისაბედპოლი, უკრაინელი რევოლუციონერი დემოკრატი, მეცნიერი, მწერალი და პედაგოგი, ტარას შევჩენკოს მეგობარი.
იგი პოლტავის აზნაურთა წრიდან გამოსულა. მას 1843 წელს დაუსრულებია იურიევ-დნეპროპეტროვსკის (შემდეგ–ტარტუ) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1848 წლიდან კიევის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში უმსახურია.
ნ. ი. გულაკს, ნ. ი. კოსტომაროვსა და ვ. მ. ბელოზერსკის დაუარსებიათ მაშინდელი რეჟიმის საწინააღმდეგო კირილე-მეთოდის საზოგადოება. მისი წევრები ბრძოლის რევოლუციურ ხერხებს მიმართავდნენ და ბატონყმობის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.
საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, ნ. გულაკი 1847 წლის მარტში დააპატიმრეს და მაისის ბოლოს შლისელბურგის ციხეში ჩასვეს 3 წლით. 1850 წელს კი პერმში გადაასახლეს, სადაც პოლიციის თვალყურის დევნების ქვეშ იმყოფებოდა. აქ მან 8 წელი დაჰყო. ნ. გულაკი 1859 წლიდან ოდესის მეორე სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, გიმნაზიაში — მათემატიკას, ქერჩის ქალთა ინსტიტუტში ისტორიაც უსწავლებია და სხვა.
ნ. გულაკი ნოვოროსიისკიდან ქუთაისში ჩამოსულა და აქედან კი თბილისში, აქაც პედაგოგობა განუგრძია. იგი ასწავლიდა I-ლ გიმნაზიაში, მიაღწია ინსპექტორობამდე, მიიღო დამსახურებული მასწავლებლის წოდება, პენსიაში გავიდა, ელისავეტპოლში ცხოვრობდა და იქვე გარდაცვლილა.
ეს ფართო განათლების კაცი ფლობდა ევროპულ ძველ და ახალ ენებს, მას უმთავრესად იცნობდნენ, როგორც მათემატიკოსს, მაგრამ კლასიკური ლიტერატურის მცოდნეც ყოფილა, „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა და ცდილობდა, რომ ქართული კულტურა სხვებისათვის გაეცნო.
ეს ნაშრომი გამოირჩევა მისი დროის ნარკვევებსა და წერილებში არა მხოლოდ მოცულობით, არამედ სიღრმითაც, თუმცა ისიც უმთავრესად კომპილაციურია. ნ. გულაკი, ბროსე-ჩუბინაშვილის შემდეგ, სხვებზე უფრო საფუძვლიანად ლაპარაკობდა „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალობაზე. „ყოველი არაბი ან ინდოელი „ვეფხისტყაოსანში“, — ამბობს გულაკი, — არსებითად ჭეშმარიტი ქართველია“. ამ პოემის ყოველ ნაწილში ისე იგრძნობა საქართველო, როგორც „ბაღში ვარდის სუნი“.
ავტორი ერთი პირველთაგანი იძლევა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის საგულისხმო ანალიზს რუსულ ენაზე; რუსთაველის მხრივ პოემის სიუჟეტის უცხოობაზე შენიშვნა, — ამბობს ნ. გულაკი, — მხოლოდ მხატვრული „ხერხია თანამედროვეთა თვალის ასახვევად გამოყენებული“.
ნ. გულაკმა მხარი დაუჭირა ალეგორიების თეორიას, რომ თინათინი თამარია და სხვა.
„ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით ნ. გულაკი ლაპარაკობს „ილიადასა“ და „ოდისეაზეც“. მისი დასკვნით, რუსთაველი უფრო არიოსტოსა და ბოარდოს გვაგონებს.
ნ. გულაკი 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, კავკასიის არქეოლოგიური საზოგადოების კორესპონდენტი იყო და სისტემატურად ბეჭდავდა წერილებს კავკასიის ხალხების კულტურის საკითხებზე გაზ. „Kaвкa3-ის“ სამეცნიერო ქრონიკაში.
ნ. გულაკის ღვაწლი ქართველი, უკრაინელი და რუსი ხალხების კულტურული კავშირების გაძლიერებაში საყურადღებოა, აკაკი წერეთლის თქმით, — ნიკოლოზ გულაკმა ამავე ხალხებში პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.