გულეური ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულეური ვასილ – (1971), ქართველი საბავშვო მწერალი და მთარგმნელი. დაიბადა გორში. 1995 წელს დაამთავრა სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტი. მისი პირველი თარგმანები სტუდენტობისას დაიბეჭდა გაზეთებში „მესამე გზა” და „რუბიკონი”. თარგმნილი აქვს გუმილიოვის, ახმატოვას, ახმადულინას, ცვეტაევას, ესენინის, ტუშნოვას, კიპლინგის, ქრისტინა ლავანტის (ტატა კოტრიკაძესთან ერთად) და სხვა ავტორების ლექსები. მის მიერ ქართულად პირველად ითარგმნა ჯეიმს ჯოისის ლექსების კრებული „კამერული მუსიკა”. მისი საბავშვო ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „დილაში”. გამოცემული აქვს კრებულები: „მელაკუდას მაღაზია“ (2007), „ჩიტის მოტანილი ამბები“, (2007), „ხუთი ამბავი ლექსად“ (2009), „საბავშვო ლექსები“ (2009), „ზოოპარკი“ (2011), „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“, (2013)
- ბელა ახმადულინა
- აფხაზური დაკრძალვა
- თარგმნა ვასილ გულეურმა
- ორი გოგო გეორგინებს ყრიდა გზაზე,
- შიგადაშიგ, გამოზოგვით ერთობ,
- და ქალები საუბრობდნენ დაბალ ხმაზე:
- - ყვავილები რა ძვირია - ღმერთო...
- დაძაბული, ძრწოლით, შიშით სავსე ქუჩა
- წინ მიმავალ ორ გოგონას უმზერს,
- რა საზარლად ფერმკრთალი და თეთრი მოჩანს
- ორი ხელი, დაკრეფილი გულზე.
- თან მოჰქონდათ გვირგვინები მძიმე ტვირთად,
- მოხუცებს კი გამყოლები ახლდათ.
- ყველაფერი, აგროვებდნენ რასაც მზითვად,
- გვირგვინებად გადაიქცა ახლა.
- გაიმართა ქელეხი და მხოლოდ მაშინ
- გამოცოცხლდა, ახმაურდა ხალხი,
- ხოლო ქალებს ცრემლი ედგათ ისევ თვალში
- და ღაწვებზე დაჰფენოდათ თალხი.
- მაგრამ სვამდნენ, სვამდნენ ჭიქით, ფინჯნით, თასით,
- მწუხარებას იქარვებდნენ ოდნავ,
- მერე დიდხანს ჭაჭის სუნი იდგა გზაზე,
- სიხალისე ხმებსაც შერეოდა.
- ჭირ-ვარამის ჯიბრით უკვე მაღალ ხმაზე
- სურდათ სულ სხვა სიმღერები ეთქვათ...
- დიდი ხნის წინ, მიაბარეს მიწას ასე
- ერთი გოგო, გიული რომ ერქვა.