გულრიფში
გულრიფში − (აფხ. Гәылрыԥшь), დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. დაბა გულრიფში მდ. მაჭარის მარცხენა ნაპირზე, მის შესართავთან მდებარეობს. ზღვის დონიდან 20 მ, სოხუმიდან 13 კმ. იგი საისტორიო წყაროებში XIX ს. 30-იანი წლებიდან იხსენიება.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სახელწოდება აფხაზურ ენაზე „გულიების საცხოვრისს, გულიების წყალს“ ნიშნავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ გულიას ქართულ გვარს უცხოვრია. ამ ადგილას იყო სოფელი ქვემო გულრიფში, რომელსაც 1975 წელს გულრიფში ეწოდა და დაბის სტატუსი მიიღო; იმავდროულად, დაბა გულრიფშში შეიქმნა გულრიფშის სადაბო საბჭო და გულრიფშის რაიონის ცენტრად ქალაქის ტიპის დასახლება გულრიფში დადგინდა (ხორავა, ჭანტურია, 2019: 73).