გუმილიოვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ გუმილიოვი

ნიკოლოზ გუმილიოვი − (დ. 3 აპრილი, 1886, კრონშტადტი, — გ. 24 აგვისტო, 1921, პეტროგრადი) რუსი პოეტი ნიკოლოზ გუმილიოვი 1886 წელს, ქალაქ კრონშტადტში, საზღვაო ექიმის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა პეტერბურგში, ყრმობა – ქალაქ თბილისში გაატარა, ადრეულ ახალგაზრდობაში კი ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. გუმილიოვმა ადრეული ასაკიდანვე სულიერად შეისრუტა იმპერიული სიძლიერის და სამხედრო სიმამაცის – სამხრეთ ეგზოტიკასთან ნაზავი შთაბეჭდილებები, რომლებმაც განაპირობა პოეტის გემოვნება და პოეტური ხელწერა. პოეტის ასეთი სულისკვეთება კარგად გამოჩნდა მის პირველ კრებულში: „კონკვისტადორების გზა“ (1905). გუმილიოვი გიმნაზიაში სწავლისას არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიბეჯითით. დაგვიანებით დაამთავრა გიმნაზია. 1906 წელს პოეტი პარიზში გაემგზავრა, სადაც ორი წელიწადი დაჰყო. საფრანგეთში გუმილიოვს ურთიერთობა ჰქონდა ფრანგ პოეტებთან და მხატვრებთან. 1908 წელს პოეტი ბრუნდება რუსეთში, როგორც უკვე ფორმულირებული პოეტი და კრიტიკოსი. საფრანგეთში პოეტი ისმენდა ლექციებს სორბონაში და საფუძვლიანად სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას.

გუმილიოვის პირველ კრებულებში ნათლად ჩანს მისი გრძნობები ანა ახმატოვასადმი. ახმატოვა და გუმილიოვი 1910 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა.

პოეტი ბევრს მოგზაურობდა აფრიკის კონტინენტზე. შავი კონტინენტის შთაბეჭდილებები ბევრ მის ნაწარმოებში ჩანს. დრამატულ ნაწარმოებში „დონ ჟუანი ეგვიპტეში“, პიესაში – „მარტორქაზე ნადირობა“.

1910 წელს პოეტი მონაწილეობას იღებს ჟურნალ „აპოლონის“ დაარსებაში. ჟურნალში იგი 1917-მდე უძღვებოდა რუბრიკას – „წერილები რუსულ პოეზიაზე“. „მისი შენიშვნები, როგორც კრიტიკოსის ყოველთვის არსებითია, ის მოკლედ და თემატურად ძალზე რაციონალურად გვეუბნება თავის სათქმელს“. წერდა ვალერი ბრიუსოვი გუმილიოვზე, როგორც კრიტიკოსზე.

აკმეიზმის პერიოდი

1911 წელს პოეტი ემიჯნება სიმბოლისტებს და ქმნის „პოეტების საამქროს“, სადაც გუმილიოვის გარდა, რომელიც ხელმძღვანელობდა „სინდიკატს“ შედიოდნენ ანა ახმატოვა, ოსიპ მანდელშტამი, მიხეილ ზენკევიჩი და სხვა პოეტი – აკმეისტები. პოეტის პირველ აკმეისტურ ნაწარმოებად ითვლება პოემა – „უძღები შვილი“, აგრეთვე კრებული „სხვისი ცა“.

ბრიუსოვის სიტყვებით, გუმილიოვის ლექსები იმით არის აღსანიშნავი, რომ საინტერესოა თუ როგორ საუბრობს პოეტი და არა ის თუ რას საუბრობს. ქადაგებდა რა სიმამაცეს და პირადი გამარჯვების კულტს, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იგი ვოლონტიერად ჩაირიცხა ულანის პოლკში. ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ჯვრით. თანამებრძოლების მოგონებებით პოეტი თითქოს განგებ მიისწრაფვოდა ბრძოლების ცხელ წერტილებში. 1916 წელს პოეტმა მიაღწია იმას, რომ რუსული საექსპედიციო კორპუსი სალონიკის ფრონტზე გაეშვათ, მაგრამ იგი პარიზში შეჩერდა, სადაც ახლო მეგობრობაა კავშირებდა პოეტებთან, მათ შორის გიომ აპოლინერთან. 1918 წელს გუმილიოვი რუსეთში დაბრუნდა. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ინსტიტუტებში, თარგმნიდა ინგლისურ და ფრანგულ პოეზიას. გამოსცა რამდენიმე ლექსთა კრებული, მათ შორის საუკეთესო – „ცეცხლოვანი გოდოლი“.

პატიმრობა და განაჩენი

ნიკოლოზ გუმილიოვი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ემსახურება ადამიანი თავის იდეალებს და ამისთვის მზადაა იბრძოლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პოეტი მართლმადიდებლურად იყო მონათლული, ამას ის აშკარად და დაუფარავად ამბობდა ბოლშევიკების მმართველობის დროსაც კი. საბჭოთა მმართველობს გარიჟრაჟზე იგი რჩებოდა გამოუსწერებელ მონარქისტად მიუხედავად საფრთხისა, რომელიც „წითელი“ რეჟიმისგან მოდიოდა.

1921 წელს პოეტი დააპატიმრეს და დახვრიტეს განაჩენის სისრულეში მოყვანის ზუსტი თარიღი უცნობია. ოფიციალურ ვერდიქტში წერია: „ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას, ჰყავდა თანამზრახველები, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს“.

დახვრეტის წინ, პოეტმა ბოლშევიკები, რომელთაც გაგონილი ჰქონდათ გუმილიოვის სიმამაცის შესახებ საგონებელში ჩააგდო: „ასეთი სიმამაცე, ვაჟკაცობა დახვრეტის წინ?! ეს წარმოუდგენილია. ჰმ! უგნური პოეტი. რა უნდოდა კონტრევოლუციის რიგებში, ყოფილიყო ჩვენთან, ბოლშევიკებთან; ჩვენ სწორედ ასეთ მამაცებს და უშიშრებს ვეძებთ!“.

სულ მალე პოეტის სიკვდილის შემდეგ, ქალაქ ბერლინში, გამოიცა მისი საუკეთესო ლექსთა კრებული: „ცეცხლოვანი გოდოლი“. სამშობლოში კი მხოლოდ 60 წლის შემდეგ, ოფიციალურად მოიხსნა ცენზურა დიდი პოეტის შემოქმედებაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები