გუნებ-განწყობის აშლილობები ბავშვებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნებ-განწყობის აშლილობები ბავშვებში - ითვლება, რომ პუბერტატიულ ასაკამდე მანია ძალიან იშვიათად ვითარდება, თუმცა, ამის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც არსებობს (იხ.Biederman, 1998). ამიტომ, როცა საქმე ეხება ბავშვებს, უფრო ხშირად დეპრესიაზე საუბრობენ.

სავსებით ნორმალურია ის, რომ. როდესაც ბავშვები დისტრესულ მოვლენებს დეპრესიით პასუხობენ, მაგ., როდესაც ბებია-ბაბუა გარდაიცვლება ან, როცა მშობელი სერიოზულად ავადაა. ზოგ შემთხვევაში, გლოვის დროს ბავშვს შეიძლება დაუქვეითდეს ინტერესი და კონცენტრაციის უნარი, დაერღვეს ძილი და დაკარგოს მადა. ამ თავში არ არის განხილული ნორმალური დარდის საკითხები და არც დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც სხვა ფსიქიკური აშლილობის ნიშანს წარმოადგენს, როგორიცაა, მაგ., შფოთვითი ან ქცევითი აშლილობები (მოზარდობის ასაკის აფექტური აშლილობები).

სარჩევი

კლინიკური სურათი

დიდი დეპრესიის კლინიკური ნიშნები მოზრდილ ასაკში განვითარებული დეპრესიული ეპიზოდის მსგავსია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბავშვები დანაშაულის განცდას განსხვავებულად გამოხატავენ. მათ უჭირთ თავიანთი მწუხარების გადმოცემა. შესაძლებელია, ძილის დარღვევებიც განსხვავდებოდეს მოზრდილებისთვის დამახასიათებელი ძილის პრობლემებისგან. დეპრესიის მქონე ბავშვების დაახლოებით მეოთხედს საღამოს საათებში კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია აღენიშნება, რაც, განსაკუთრებით, ქრონიკულად მიმდინარე დეპრესიის შემთხვევებში გვხვდება.

„მასკირებული” დეპრესია.

ზოგი ფსიქიატრი მიიჩნევს, რომ ბავშვებში დეპრესია იშვიათად ვლინდება დაქვეითებული გუნებ-განწყობით. ამ დროს უფრო დამახასიათებელია აუხსნელი მუცლის ან თავის ტკივილი, ანორექსია და ენურეზი (Kovacs, 1996). ეს სიმპტომები შეიძლება პირველადი ნიშნები იყოს, რომლებიც სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ; თუმცა, მათი გამოკვლევისას აუცილებლად უნდა ვივარაუდოთ დეპრესიული აშლილობის არსებობის შესაძლებლობაც. თუ გამოკითხვას სწორად ჩავატარებთ, ანამნეზური მონაცემები და ფსიქიკური სტატუსის კვლევა სევდიან გუნებ-განწყობას, ანჰედონიას, გაღიზიანებადობასა და სხვა, დეპრესიისთვის დამახასიათებელ, სიმპტომებს გამოავლენს, რომლებიც, შესაძლოა, თავდაპირველად ვერც შევამჩნიოთ (Luby et al., 2003).

ეპიდემიოლოგია

დეპრესიული აშლილობა პუბერტატიულ ასაკამდე იშვიათად ვლინდება (დეპრესია უფრო მოგვიანებითი ასაკისთვისაა დამახასიათებელი). ბავშვებში დიდი დეპრესიული აშლილობის გავრცელების სიხშირე 1%-ია. პუბერტულ ასაკამდე დეპრესიული აშლილობები უფრო ხშირად მამრობით სქესში გვხვდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოზარდობაში განვითარებული დეპრესია არ გაგრძელდეს მოზრდილ ასაკშიც. ეს უფრო ხშირად დისფუნქციურ ოჯახთანაა დაკავშირებული (Harrington, 2002). ბავშვების უმრავლესობას, რომლებსაც დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი აქვთ, სხვა აშლილობებიც აღენიშნებათ. განსაკუთრებით ხშირია შფოთვითი აშლილობები.

ეტიოლოგია

ბავშვობაში განვითარებული დეპრესიული აშლილობის მიზეზები, მოზრდილ ასაკში გამოვლენილი დეპრესიული ეპიზოდის გამომწვევი ფაქტორების მსგავსია.

გენეტიკური ფაქტორები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიპოლარული აშლილობები ბავშვობაში იშვიათად ვითარდება. ამიტომ მონაცემები, ძირითადად, დეპრესიულ აშლილობებს ეხება. დეპრესიის მქონე ბავშვების პირველი რიგის ნათესავებში დეპრესიული აშლილობა უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში, რაც გენეტიკურ ფაქტორებს უნდა უკავშირდებოდეს. კვლევებში გამოყენებული მეთოდოლოგიის განსხვავება ეჭვქვეშ აყენებს მიღებული მონაცემების სიზუსტეს; სავარაუდოა, რომ ბავშვებში განვითარებული დეპრესიის დროს გენეტიკურ ფაქტორებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მოზარდობაში გამოვლენილი დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში (Rice et al., 2002).

გენეტიკური ფაქტორები რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს. მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ:
(1) უშუალოდ დეპრესიის ბიოლოგიურ მექანიზმებზე,
(2) გაზარდონ მოწყვლადობა წარუმატებელი ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ,
(3) გააძლიერონ სტრესული სიტუაციის გავლენის ზემოქმედება. მაგ., გენები განსაზღვრავს გარკვეულ პიროვნულ თვისებებს, რაც შეიძლება ურთიერთობების ხშირი გაწყვეტის მიზეზი გახდეს (Silberg et al., 1999).

კორტიზოლი

როგორც აღვნიშნეთ, დეპრესიის მქონე ზოგ ბავშვს საღამოს საათებში კორტიზოლის სეკრეცია ეზრდება. მოგვიანებით ასაკში, თუ კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია აქვთ არადეპრესიულ პირებს, ეს მოასწავებს დეპრესიის განვითარებას ფსიქოსოციალური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად (Goodyer et al., 2003). ასეთი კავშირი არ ფიქსირდება ბავშვების შემთხვევაში; თუმცა, მიღებული შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია დეპრესიის განვითარებაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს.

სხვა მიზეზები

უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენები, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებშიც დეპრესიული აშლილობის განვითარების პროვოცირებას ახდენს (Goodyer et al., 1985). როგორც ჩანს, ტემპერამენტსაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემო სტიმულებზე გადამეტებულად რეაგირების ტენდენცია (Goodyer et al., 1993). მოზარდებში დეპრესიის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახური გარემო, მით უფრო, თუ მშობელს დეპრესია აღენიშნება (Hammen et al., 2004). იგივე შეიძლება ითქვას ბავშვებზეც.

პროგნოზი

არსებობს კონტინუუმი ბავშვთა და მოზრდილთა დეპრესიას შორის. კვლევამ (Harrington et al., 1990), რომლის დროსაც რამდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდნენ დეპრესიული აშლილობის მქონე ბავშვების ჯგუფს (დეპრესიის დიაგნოზი თანამედროვე კრიტერიუმების შესაბამისად იყო დასმული), აჩვენა, რომ მოზრდილი ასაკის ჯგუფში დეპრესიულ აშლილობათა სიხშირე 58%-ს, ხოლო საკონტროლო ჯგუფში - მხოლოდ, 31%-ს აღენიშნებოდა. თუმცა, მოზრდილთა გამოყოფილ ჯგუფში სხვა ფსიქიკური აშლილობები იმაზე მეტი არ გამოვლინდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში.

მკურნალობა

ზოგადი ღონისძიებები. ნებისმიერი დისტრესული გარემოება უნდა სასწრაფოდ შემცირდეს და ბავშვს უნდა დავეხმაროთ, რომ მან შეძლოს საკუთარი გრძნობების გამოხატვა. უნდა დროულად გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ მშობლების დეპრესიას. სკოლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში დაავადების მართვა გულისხმობს სკოლის პედაგოგებთან თანამშრომლობას. მათ უნდა განემარტოთ, რომ დეპრესია გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული შესაძლო სტრესორის (მაგ., ბულინგის) გამოვლენა და მისი შემცირება. მშობლებს უნდა ავუხსნათ, თუ როგორია დეპრესიის ნიშნები და შესაბამისი ენით მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვსაც. ეს განმარტებები და სტრესორის ძიება უნდა ითვალისწინებდეს ეთნიკურ და კულტურალურ ფაქტორებსაც.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები