გურგენიძე მიხეილი
გურგენიძე მიხეილი (30.10.1822, ქ. თბილისი, – 18.07.1868, ქ. მოსკოვი), დეკანოზი.
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1843 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იმავე წლის 10 ოქტომბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაცხოვრის მირქმის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მისი პატიოსნება და მართლისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩა საეკლესიო მმართველობას და 1845 წ. ნოემბერში იგი თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წელს დაქვრივდა. 1848 წ., როდესაც რუსეთში ქართული საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ბეჭდვის საკითხი აღიძრა, გურგენიძეს, როგორც ქართული ენის კარგად მცოდნეს, დაეკისრა რედაქტორ-კორექტორის მოვალეობა და ამ მიზნით მოსკოვში გაიგზავნა. იქ ის დაუახლოვდა ქართველ ბატონიშვილებს და საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს, რომელმაც იგი თავის ამალაში ჩარიცხა. 1850 წ., დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, გურგენიძეს დაენიშნა პენსია 400 მან. ოდენობით.
1850 წ. მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში და მოსკოვის კონსტანტინეს სამიჯნაო ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1857 წ. დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1859-1860 წწ. თან ახლდა ქართველ ბატონიშვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას და მათთან ერთად მოიარა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. იყო ქველმოქმედი, თავმდაბალი, სამშობლოს მოყვარული. იგი მამობრივად ზრუნავდა რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებზე. 1864 წ. ითხოვა საქართველოში დაბრუნების ნებართვა, თუმცა ვერ მოხერხდა. 1868 წ. სააღდგომოდ გურგენიძე გაცივდა, ერთხანს იავადმყოფა და გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ივლისს.
მოსკოვში გურგენიძის დაკრძალვას დაესწრო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნ. ცხვედაძე, რომელმაც ჟურნალ „დროებაში“ საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მის შესახებ. იგი მოკლედ აღწერდა გურგენიძის ცხოვრებას და საუბრობდა მის დადებით თვისებებსა და იმ სიკეთეზე, რომელიც მან აღასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. აი, რას წერდა იგი: „განსვენებულ დეკანოზ მ. გურგენიძის ხასიათში სხვათა შორის ის იყო შესანიშნავი, რომ მხოლოდ ის ქართველები უყვარდა, რომლებიც თავის საქმეს ბეჯითად ეკიდებოდნენ. ამგვარი ყმაწვილისათვის ის თავს არ ზოგავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარად კაცები თავისდროზე გამოსადეგი იქნებიან თავის ქვეყნისათვის.
... დეკანოზი გრიგოლი ამ სოფლად მოკვდა; მაგრამ არ მომკვდარა და არც მოკვდება მისი სახელი ჩვენ ყმაწვილ კაცებს შორის. ახალ თაობას მოსდევს იმოდენი ძალი, სიმართლის სიყვარული და ცოცხალი მეხსიერება, რომ მაგ გვარი მიმართულების კაცების სახელი ჩაიბეჭდოს თავის გონებაში და ღირსეულად მოიხსენიოს ხოლმე“.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი