გურიის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის ეპარქიასაქართველოს საეგზარქოსოს ერთ-ერთი ეპარქია. დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გაუქმების შემდეგ (1814) განზრახული იყო გურიის სამთავროში საეკლესიო გარდაქმნების ჩატარება, მაგრამ 1819-1820 წლებში იმერეთში მიმდინარე ე.წ. „საეკლესიო ამბოხების“ გამო რეფორმის განხორციელებაზე სინოდმა დროებით უარი განაცხადა. 1819 წ. 8 ივლისს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) განკარგულებით, ჯუმათისა და შემოქმედის ეპარქიების ადგილზე წარმოქმნილი გურიის ეპარქიის გაძღოლა დაევალა ჯუმათის ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ჯუმათელს (შერვაშიძე). 1827 წ. დეკემბერში, მიტროპოლიტ ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ, ეპარქიის სასულიერო საქმეებს განაგებდა შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი არსენი (მგალობლიშვილი), ხოლო 1833 წ. გურიის ეპარქია შეუერთდა იმერეთის ეპარქიას, 1844 წ. 1 აპრილიდან კი კვლავ აღდგა გურიის ეპარქიის სახელით. კათედრა განთავსდა ჯუმათის მონასტერში. ეპისკოპოსები იმყოფებოდნენ ჯუმათსა და ნაგომარში.

1833 წ. 23 მაისს, იმერეთის ეპარქიასთან შეერთების დროს, შემოქმედისა და ჯუმათის ეპარქიებში მოქმედებდა 77 ეკლესია და 2 მონასტერი: შემოქმედისა და ჯუმათის, ეპარქიაში მსახურობდა: 3 – არქიმანდრიტი, 1 – იღუმენი, 1 – დეკანოზი, 23 მღვდელ-მონაზონი, 152 – მღვდელი, 4 ბერ-დიაკონი, 91 – დიაკონი, 2 – ბერი.

გურიის ეპარქიას უძღვებოდნენ: ეპისკოპოსი ნიკოლოზი (შერვაშიძე; 1795 წლიდან მიტროპოლიტი გ. 1827); ეპისკოპოსი ექვთიმე (წულუკიძე; 1844 წ. 29 ივნ.; 1853 წ. 11 აპრილიდან იმერეთის ეპისკოპოსი გ. 1856 წ. 4 აპრ.); ეპისკოპოსი იოანე (იოსელიანი, 1853 წ. 8 სექტ. 1858 6. 19 აგვ., გ. 1867 წ. 19 ოქტ.); ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია, 1859 წ. 25 მარ., – 1881 წ. 1 აგვ., გ. 1881წ. 11 სექტ.);

1851 წ. იანვარში ეპისკოპოსმა ეფთვიმემ (ექვთიმე წულუკიძე) ეპარქიაში რევიზია ჩაატარა და ეგზარქოსს მისწერა: „გურიის სამღვდელოება ცხოვრობს ძალიან ღარიბად, არიან უმეტესად ნაკლები განათლების მქონე პირები, უმეტესობამ არ იცის წერა და ამის გამო უჭირთ საეკლესიო საბუთების წარმოება“.

1864 წ. გურიის ეპარქიაში აღწერის მიხედვით იყო:

4 მთავარხუცესი: დეკანოზი სიმონ ქიქოძე, მღვდელი ნიკოლოზ კანდელაკი, მღვდელი გიორგი ქიქოძე, მღვდელი ნიკოლოზ ჭეიშვილი.

3 მონასტერი: ჯუმათი – 2 ბერი, შემოქმედი – 11 ბერი, ნათლისმცემელის უდაბნო – 7 ბერი.

ტაძრები: ერთშტატიანი – 56, ორშტატიანი – 23; კარისა (იგულისხმება თავადების კარის ეკლესიები) და სასაფლაოს ეკლესიები – 23, უშტატოები 30.

1 საკათედრო ტაძარი, სადაც მსახურობდა: 1 დეკანოზი, 1 მღვდელი, 1 პროტოდიაკონი და 5 – დიაკონი, ტაძრის მსახურები – 8.

დანარჩენი სამღვდელოება: მღვდლები – 199, დიაკვნები – 124, მედავითნე და ტაძრის მსახურნი – 101.

სულ: 202 – დეკანოზ-მღვდელი, 129 – დიაკონი, 109 – მსახური და მედავითნე.

XIX ს. 70-იანი წლების ბოლოს გურიის ეპარქიის საზღვრები გაფართოვდა. 1878 წ. ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, საქართველოს შემოუერთდა მისი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, გურიის ეპარქიას დაექვემდებარა კოლა, არტაანი, ოლთისი, ართვინი, ბათუმი. 1881 წ. 1 აგვისტოს გურიის ეპარქია გაბრიელი (ტუსკია) პენსიაზე გავიდა და გურიის ეპარქიის მართვა შეთავსებით დროებით გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) დაევალა, რომელიც ეპარქიას 1886 წ. 7 მარტამდე განაგებდა. რუსეთის სინოდის 1885 წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით გურიის ეპარქია შეუერთდა სამეგრელოს ეპარქიას და გურია-სამეგრელოს ეპარქია ეწოდა.

ე. ბუბულაშვილი
დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №1851;
  • ფ. 489, აღწერა 1, საქმე №14016; საქმე №23720.
  • ბუბულაშვილი ე., რუსეთის ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა და მისი შედეგები, საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, 8, თბ., 2004;
  • Кирион E., Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие Тфл., 1901.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები