დადებითი გმირი
დადებითი გმირი – მწერლის საზოგადოებრივი და ესთეტიკური იდეალების გამომხატველი სახე. ლიტერატურულ ნაწარმოებთა პერსონაჟები ძირითადად ორ ჯგუფად ნაწილდებიან დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების სახით. დადებით გმირებად შეიძლება წარმოსახული იყოს სხვადასხვა ხასიათის ადამიანები. მაგალითად, ი. ჭავჭავაძის მიერ შექმნილი სახეებიდან დადებითი გმირებია: კაკო, ზაქრო, გაბრიელი, პეპია, გიორგი და სხვ.
ნამდვილი დადებითი გმირი ეპოქის პროგრესული იდეალების მატარებელია. ამიტომ ყველა პერსონაჟი, რომელსაც მწერალი დადებით გმირად ხატავს, სინამდვილეში არ არის დადებითი. მაგალითად, დადებით გმირად ვერ მივიჩნევთ ლ. არდაზიანის ალექსანდრე რაინდიძეს („სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), თუმცა თვით ავტორს იგი დადებით პერსონაჟად ჰყავს წარმოსახული. ასევე, თ. დოსტოევსკის დადებით გმირებს წარმოადგენენ თავადი მიშკინი („იდიოტი“) და ალიოშა კარამაზოვი („ძმები კარამაზოვები“), რომელთა სახეების ობიექტური შინაარსი დიდად განსხვავდება შესაბამისი ეპოქის მოწინავე ადამიანების ცხოვრებისა და იდეებისაგან.