დადიანი ნიკოლოზ
ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი – (დაახლ. 1780-1834), ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ავტორი ქართული ენის ხელნაწერი გრამატიკისა, რომელიც დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (A –1019).
ბიოგრაფია
ნ. დადიანი საქართველოში ცნობილია როგორც პრორუსული ორიენტაციის საზოგადო მოღვაწე. XIX ს. დასაწყისიდან აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს (განსაკუთრებით სამეგრელო-აფხაზეთის) პოლიტიკურ ცხოვრებაში: 1804-იდან იყო სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭოს წევრი; 1805 მეთაურობდა სამეგრელოს რუსეთთან შეერთების საკითხზე რუსეთს წარგზავნილ დელეგაციას. იბრძოდა აფხაზეთში რუსული ორიენტაციის მქონე მთავრის საფარ-ბეგის დასამკვიდრებლად; 1810-23 იყო ლეჩხუმის სარდალ-მოურავი; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1806-12 და 1828-29 ომებში; რუსულ მთავრობას ეხმარებოდა იმერეთის 1810 და 1819-20 აჯანყებების ჩაქრობაში. დაჯილდოებული იყო იმპერატორ ანას პირველი ხარისხის ორდენით; ებოძა გენერალ-მაიორის წოდება. დაკრძალულია მარტვილში.
შეოქმედება
ნ. დადიანი ავტორია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოსი „ქართველთ ცხოვრება“ (1823-24). მასვე ეკუთვნის სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობის განწესება – „დასტურლამა“, 1824-34 რუსეთში ცხოვრების ამსახველი დღიური „მიმოვლა ნიკოლაჲ დადიანოვისა“ (ჩვენამდე არ მოუღწევია) და რამდენიმე ლექსი. „ქართველთ ცხოვრება“ სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი ორი არის ქართლის ცხოვრების რედაქციების შემოკლებული რედაქცია, მესამე – 1749-1823 დასავლეთ საქართველოს ამბები – ორიგინალურია.
1818 დადიანს დაუწერია გრამატიკა და, როგორც ხელნაწერზე მინაწერები მოწმობს, მიუძღვნია ანტონ II-ისათვის, რომელსაც იგი ბიძად ერგებოდა და რომელმაც მისი ხელმძღვანელობით დაიწყო გრამატიკის შესწავლა 1818-იდან. ჩვენამდე მოღწეული ცალი დადიანის ავტოგრაფი არ არის. იგი 1821 მინაწერებიანად გადაუწერია ვინმე გრიგორი ბერს. წიგნის პირველ გვერდზე რუსული მინაწერია, რომელიც გადამწერს არ ეკუთვნის. იგი გვამცნობს, რომ წიგნი 1832 გრიგოლ დადიანის საკუთრება ყოფილა. გრამატიკა კონსპექტური ხასიათისაა. დასაწყისში მოცემულია გრამატიკის ტრადიციული განმარტება: „ღრამმატიკა არის შემძლებლობა მართლუბნობად და წესიერწერად. უმთავრესნი ნაწილნი ღრამმატიკისანი არიან ოთხნი, ესე იგი: „წიგნი, მარცვალი, ლექსი და სიტყუა“. შემდეგ მსჯელობაა მეტყველების ნაწილებზე, სახელის მდევარზე, რიცხვზე. მეტყველების ნაწილებიდან წარმოდგენილია არსებითი სახელი, ნაცვალსახელი, მიმღეობა, ზმნიზედა, კავშირი, შორისდებული. ცალკე ნაწილად არის გამოყოფილი სინტაქსი.
დადიანის გრამატიკას აშკარად ეტყობა გაიოზ რექტორისა და ი. ქართველიშვილის გრამატიკათა გავლენის კვალი.
გ. ცოცანიძე