დავითაძე ემენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავითაძე ემენ – (1947), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ გოგაძეებში (შუახევი). 1963 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1972 წელს კი – თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ოცდაათამდე წიგნი, ავტორია ათეულობით მეცნიერული ნაშრომისა, მონოგრაფიებისა, პირველმა შეკრიბა და გამოსცა ჯერ აჭარის სახალხო მელექსეთა კრებული „ჩამოთქვი ჩემო ჩონგურო“, ხოლო შემდეგ „აჭარის სახალხო მელექსეთა ანთოლოგია“.
- მზეა, თოვლია
- აუ, რამდენი სხივი თამაშობს,
- რამდენ მარგალიტს გააქვს კრიალი.
- თქვით, გასაკვირი რაა ამაში,
- გულში რომ სიმმა გაიწკრიალოს.
- თქვით, გასაკვირი რაა ამაში,
- ლექსი და კაცი – ორნი ვინთებით.
- ხეზე ტოტები ჩანან მარმაშა,
- როგორც ზღაპრული ორნამენტები.
- ასი ათასი ლალის მფლობელი,
- ველზე ვდგავარ და ვგავარ გოლიათს.
- მზიდან სხივების ტალღა მოღელავს,
- ჩემსკენ მოღელავს? – არა მგონია.
- ასი ათასი ლალის მფლობელი
- მიწა ვარ, ცა ვარ, მზეა, თოვლია...
- მზიდან სიცოცხლის ტალღა მოღელავს,
- მე რა მგონია, მე რა მგონია?!