დავითიანი
„დავითიანი“ – დავით გურამიშვილის თხზულებათა სრული კრებული. გურამიშვილის პოეზიის უმთავრესი წყარო მოგონებებია. კონკრეტული ბიოგრაფიული ეპიზოდები, რომელსაც სიცოცხლის მიმწუხრს სამშობლოდან შორს მყოფი გურამიშვილი შემოქმედებითად აცოცხლებს, ღვთისკენ სწრაფვისა და შემეცნების იმპულსად იქცევა.
„დავითიანის“ ერთ-ერთ ნაწილში – „სწავლა მოსწავლეთა“, საუბარია ცოდნის დაუფლების რთულ გზასა და სიძნელეებზე. ყრმათა „შოლტით ცემა“ და სისასტიკე არ არის მისი სათქმელი, პოეტი „დავითის მცნებას“, ბიბლიური მეფსალმუნის საღვთო გზას უსახავს ყმაწვილებს და შეაგონებს. გურამიშვილი ეფუძნება ქრისტიანული მწერლობის ფუნდამენტურ სწავლებას – „შეიცან თავი შენი“: ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო....“
„დავითიანის“ მეოთხე წიგნი, პოემა „მხიარული ზაფხული“, ანუ „ქაცვია მწყემსი“, ეძღვნება სიყვარულს. პოეტი მიწიერ ვნებათა სტიქიურ ძალასა და მძაფრ სასიყვარულო სცენებს ისევე აღწერს, როგორც ბიბლიური სოლომონის „ქებათა ქება“. (ლ. წერეთელი)
დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია
პოეტი თვითონვე მიუთითებს ფოლკლორულ წყაროებზე რომელთა მხატვრული გადამუშავება უცდია. ამ მითითებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ხალხური ლექსის ადრე არსებობა დოკუმენტურად სწორედ დავითიანით მტკიცდება (ქართული, რუსული, უკრაინული სიმღერები).
დ. გურამიშვილი ფოლკლორის შემკრებადაც გვევლინება ჩვენში მას ეკუთვნის „კამეჩის ამბის“ პირველი ფიქსაცია. პოემა „მხიარულ ზაფხულში“ ავტორს რამდენიმე ბიბლიური ლეგენდა შეუტანია გალექსილი სახით, მათ შორის „რატომ იძახის კამეჩი ნოეს“. შემდეგში, როცა წყაროები გაუსინჯავს, ბიბლიაში მსგავსი რამ ვერ უპოვნია. ამის გამო 529-ე სტროფისათვის საგანგებო შენიშვნა დაურთავს: „ეს კამეჩის ამბავი წიგნში წერილში ვერცადა ვნახე და ისევ მოვშალე. ვინც ეს წიგნი გადასწეროს, ნუღარ დასწერს, ამისათვის რომე სჯულად არ დაიდვას ტყუილი“. მწიგნობრულად ნაგულისხმევი ლეგენდა ფოლკლორული აღმოჩენილა და ბიბლიური მასალის სიწმინდის დაცვის მიზნით თხზულებათა კრებულიდან პოეტს ამოუღია, გადაუხაზავს. დავითიანო პირველი ძველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც მდიდარი ავტორისეული ცნობები მოგვეპოვება ლიტერატურულ-ფოლკლორული ურთიერთობის თემაზე. (მ. ჩიქოვანი)
ლიტერატურა
- დ. გურამიშვილი, დავითიანი, ალ. აარამიძის რედ., 1948;
- მ. ჩიქოვანი, დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია, 1955.