დავით IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით აღმაშენებელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

დავით IV - აღმაშენებელი - (1073–1125), ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე. დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. დავით აღმაშენებელის სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდი ქართველი ხალხის გამორჩეული ღირსსახსოვარია.

სარჩევი

პოლიტიკური ვითარება

XI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები. ისინი, ჯერ კიდევ ბაგრატ IV-ის მეფობის დროს თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას და დიდი ზიანი მიაყენეს მას. ბაგრატ IV-მ დროებით მოახერხა ამ უზარმაზარი სამხედრო ძალის მოგერიება და შეჩერება, მაგრამ მისი შვილის გიორგი II-ის დროს მდგომარეობა ძალიან გართულდა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება თურქ-სელჩუკთა მომთაბარეების ინტენსიური თავდასხმები საქართველოზე – „დიდი თურქობა“. გიორგი II-მ თურქებისადმი ხარკის გადახდა იკისრა. მან ვერ მოახერხა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული მწვავე პრობლემების მოგვარება. იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და თავისი შვილის თექვსმეტი წლის დავითისათვის გადაეცა სამეფო ტახტი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე აგვიწერს ვითარებას:„ბნელსა უკუნს შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა. სახელ მოგმმან დავით, ღმერთისა მამისამან და თჳთ სამოცხამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან დავით…

…ამას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სასმას და ცხრა, ამას მარტივად შობილსა გიორგის-მან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“.

დავით IV აღმაშენებელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისგან. თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ მიწებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ. ქვეყანაში არც ქართველთა შორის იყო სიმშვიდე და თანხმობა. დიდგვაროვანი ფეოდალები ღალატობდნენ მეფეს და მტერთან მოლაპარაკება − დაზავებას ამჯობინებდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

პირველ რიგში მეფის ამოცანას მომთაბარე სელჩუკებისაგან ქვეყნის გაწმენდა და გახშირებული მოსახლეობის საკუთარ მამულზე დაბრუნება წარმოადგენდა. დავითმა გამეფებისთანავე იწყო კარგად ორგანიზებული სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება, მათი საშუალებით მეფე თავს ესხმოდა ბარში ჩამოსახლებულ მტერს და ქვეყნის საზღვრებიდან ერეკებოდა.

ბრძოლა ურჩ ფეოდალებთან

პარალელურად სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა დავითმა მოღალატე ფეოდალებს. მან შეიპყრო კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და ციხეში დაამწყვდია. ლიპარიტმა მოინანია თავისი საქციელი და მეფემ იგი გაათავისუფლა, მაგრამ როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს: „რამეთუ კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“-ო, ისე ლიპარიტის გამოსწორება არ იქნებოდა, ამიტომ ხელმეორედ ურჩობა მეფემ მას არ აპატია და ბიზანტიაში გააძევა, ხოლო ლიპარიტის შვილი რატის გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის საერისთავო გააუქმა და სამეფოდ აღრიცხა. „ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვაშთა, სახლი განმამწარებელთა… და მამული მათი აღიღო მეფემან“. – დასძენს ისტორიკოსი. ასევე სასტიკად გაუსწორდა მეფე სხვა მოღალატე ფეოდალებს, მუხრანისა და ზედაზნის მფლობელ ერისთავებს − ძაგანსა და მის ძმას მოდისტოსს.

თურქ-სელჩუკებისათვის ხარკის შეწყვეტა

XI საუკუნის ბოლოს ევროპაში დაიწყო დიდი მოძრაობა მაჰმადიანთაგან „უფლის საფლავის“ განთავისუფლებისათვის. ევროპელმა ჯვაროსნებმა დიდი დარტყმები მიაყენეს თურქ-სელჩუკებს. ამ დროს თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო დასუსტდა, რითაც კარგად ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა სელჩუკთა სულთანს: „და არღარ მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“. ამით ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ბრძოლა ერწუხთან და კახეთ-ჰერეთის შემოერთება

ამის შემდეგ მეფე ინტენსიურად შეუდგა ქართული მიწების გაერთიანებისთვის ბრძოლას. სხვა კუთხეებთან ერთად საქართველოს გარეთ იყო კახეთ-ჰერეთი და თბილისის საამირო.

1103 წელს დავითმა ზედაზნის ციხე აიღო 1104 წელს მეფის ერთგულმა კახეთ-ჰერეთის ფეოდალებმა ქავთარმა და მისმა დისწულმა – ბარამმა და არიშიანმა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს. მეფემ კახეთ-ჰერეთი სრულად შემოიერთა. ამის საპასუხოდ განძის ათაბაგმა, რომელიც კახეთ-ჰერეთისაგან ხარკს იღებდა, დიდძალი ჯარი გამოაგზავნა ქართველთა წინააღმდეგ. 1104 წელს ერწუხთან (დღევანდელი საინგილოს მხარე) მოხდა სასტიკი ბრძოლა, სადაც დავითმა იშვიათი სიმამაცე გამოავლინა, ისტორიკოსი ამ ამბავს ასე აგვიწერს: „ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრით და გაწირულითა ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი… ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა… არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა… და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი…“ ქართველებმა ამ ომში დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

დავით აღმაშენებლის რეფორმები

თურქ სელჩუკებთან ომების პარალელურად დავით აღმაშენებელი სამეფო ხელისუფლები განსამტკიცებლად დიდმნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა.

ერთ-ერთი ასეთი დიდი ღონისძიება მან ეკლესიაში მოკალათებული უღირსი პირების მიმართ გაატარა, მეფემ 1104 წელს მოიწვია საეკლესიო კრება რუის-ურბნისში, სადაც დიდი პაექრობა გაიმართა მეფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, მეფის მომხრეებმა გაიმარჯვეს: „უღირსად გაოჩინებულნი განკუეთეს და შეაჩვენნეს“ და მათ ნაცვლად ღირსეუნი, „ჭეშმარიტნი მწყემსნი დაადგინეს“.

სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში, განსაკუთრებით დიდმნიშვნელოვანი იყო დავითის მიერ მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანება. ამ თანამდებობაზე მეფემ დანიშნა მისი ერთგული პირი და აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. მას ჩააბარა მეფემ ასევე უმაღლესი სააპელაციო სასამართლო „სააჯო კარი“, სადაც განიხილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივანთა საჩივარი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ცენტრალური მმართველობის ყველა უწყებაზე მიუწვდებოდა ხელი. იგი იყო მეფის შემდეგ მეორე პირი ქვეყანაში – სახელმწიფო კანცლერი.

მეფემ ასევე შექმნა ძლიერი სახელმწიფო სადაზვერვო დაწესებულება. მისი საშუალებით დავითი კარგად იყო ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე – ქვეყნის შიგნით მეფის მოწინააღმდეგე ბანაკში. აღნიშნული ღონისძიებები და რეფორმებით ძლიერ განმტკიცდა საქართველოს მეფის პოლიტიკური ხელისუფლება.

ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის

ერთდროულად დავით აღმაშენებელი კვლავ აწარმოებდა განუწყვეტელ ბრძოლებს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. იგი თავისი მცირერიცხოვანი და კარგად ორგანიზებული რაზმებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მტერს. სელჩუკები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მათ ხელში მყოფი ციხეებიდან გარეთ გამოსვლისავ კი ეშინოდათ.

XII საუკუნის 10-იანი წლებიდან საქართველოს საბოლოო პოლიტიკური გაერთიანებისათვის დაიწყო დავით აღმაშენებლის სამხედრო გამარჯვებისათვის სვლის პერიოდი.

1110 წელს ქართველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – აიღეს სამშვილდის ციხე, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მარცხისთანავე სელჩუკებმა მახლობელ სხვა ციხეებსაც თავი ანებეს და გაიქცნენ.

1115 წელს აიღეს რუსთავი, 1116 წელს დავითმა თურქ-სელჩუკები განდევნა ტაოდან, 1117 წელს აიღო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით ციხე-ქალაქი გიში, 1118 წელს – ლორე. თბილისზე რკალი თანდათან ვიწროვდებოდა, სელჩუკები შიშისაგან ძრწოდნენ, ყველა ელოდა ქართველთა საბოლოო იერიშს. ამავე პერიოდში დავითმა საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გადაიტანა, მან თავისი ძე დემეტრე გაგზავნა ჯარით შირვანში. ქართველებმა ციხე-ქალაქი ქალაძორი აიღეს, ისტორიკოსი აღტაცებით წერს დემეტრეს შესახებ: „ქმნნა ომნი საკჳრველნი“.

ყივჩაყთა ჩამოსახლება საქართველოში

მაგრამ მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა, დავითი კარგად ხედავდა, რომ თურქ-სელჩუკებთან გენერალური ბრძოლა წინ იყო. ქართველთა სამხედრო ძალები ამისათვის საკმარისი არ იყო. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოესახლებინა საქართველოში. ყივჩაყები განთქმული მეომრები იყვნენ, დავითმა „უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა“. მეფემ გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი გაგზავნა ოსეთში, რათა მათ გზები გაეხსნათ ყივჩაყთათვის. ოსებმა, როგორც კი შეიტყვეს საქართველოს პირველი ვაზირის მოსვლა, მაშინვე „მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. დავითმა საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაყი ოჯახი ჩამოასახლა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაასახლა. ეს უზარმაზარი მასა ბინადარ ცხოვრებაზე გადაიყვანა და თითოეულ ოჯახს თითო მეომრის გამოყვანა დაავალა, ასე შეიძინა საქართველომ 40000 რეგულარული სამხედრო ძალა, მაგრამ საქართველოს ჯარის უმრავლესობას კვლავ ქართველები შეადგენდნენ.

საფიქრებელია, რომ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს უკავშირდება დავითის დამოყვრება ყივჩაყთან. მეფემ ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარღანის ძის ასული გურანდუხტი შეირთო ცოლად, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი ქართველებსა და ყივჩაყებს შორის.

ამის შემდეგ დავითმა კვლავ განაახლა შეტევები სელჩუკების წინააღმდეგ და ახალი დამარცხებები მიაყენა მათ ქვეყნის გარეთაც, მტრები ხშირად სარგებლობდნენ იმით, რომ ზოგჯერ მეფე შორს იყო მათგან და ქვეყნის საზღვრებში შემოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც იგი დასავლეთ საქართველოში იყო, მტრები კვლავ გათამამდნენ და მტკვრის პირას ჩამოდგნენ. ამის გაგებისთანავე მეფე გამოეშურა ქართლში. იგი არ შეუშინდა იმას, რომ ლიხის მთაზე დიდი თოვლი იდო, „გადაათხრევინა ლიხნი“, ქართლში შემოიდა და იქ გუაადად დაბანაკებულ თურქ-სელჩუკებს ეს თავხედობა არ აპატია და სულ ერთიანად გაწყვიტა.

თურქ-სელჩუკთა მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის

გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა, ისინი კარგად ხედავდნენ, რომ თბილისშიც მათ ბატონობას მალე ბოლო მოეღებოდა და გადაწყვიტა ერთიანი ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოზე. ამისათვის „ესე ვითარცა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-თბილელ-დმანელნი წავიდეს სულტანის წინაშე … და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი. მოწევნულნი მათ ზედა“, სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომარე სელჩუკთა სულტანმა „მოუწოდა არაბეთის მეფესა დურბეს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქა და ძალი მისი და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე აედუხისი… უბრძანა თურქმანობას სადაღაცა ვინ იყო დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა… ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოლეთა სომხითისა ამირათა“.

დიდგორის ბრძოლა

მაჰმადიანებმა უზარმაზარი კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომელთა რაოდენობა 300 ათას აღემატებოდა. დავითის სამხედრო ძალის რაოდენობას, სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაელის ცნობით, შეადგენდა: 40000 ქართველი 15000 ყივჩაყო, 500 ოსი და 100 ფრანგი (ევროპელი) ჯვაროსანი.

დავითმა აქ გამოავლინა დიდი მხედართმთავრული და სტრატეგიული ნიჭი მან მარჯვედ შემოიტყუა მოწინააღმდეგის უზარმაზარი არმია დიდგორის ვიწრო ხეობაში, სადაც მტერს თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება აღარ შეეძლო.

მოწინააღმდეგეები დიდგორის ველზე 12 აგვისტოს შეებრძოლნენ ერთმანეთს. ფრანგი მემატიანე გოტიე გადმოგვცემს დავით აღმაშენებლის მოწოდებას ჯარისადმი ბრძოლის დაწყების წინ: „ეჰა მეომარნო ქრისტესაო, თუ ღვთის სჯულისა დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ… ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით… და მტკიცე გულით მტრებს როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ“.კარგად იცოდა რა მთელი ქვეყნისთვის ამ ომის გადამწყვეტი მნიშვნელობა, დავით აღმაშენებელმა სამხედრო თავგანწირვის სასტიკ ღონისძიებას მიმართა: მან უკანდასახევი გზები ჩაუხერგა საქართველოს ლაშქარს.

პირველივე შეტაკებისთანავე იძლია მტრის ურიცხვი მხედრობა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით მეფე დავითმა და ისმა ჯარმა – „მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი… რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა“.

მაჰმადიანთა ლაშქარი საშინლად დამარცხდა. გაქცეულ მტერს ქართველებმა დიდ მანძილზე სდიეს. მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა გააღწია სამშვიდობოს, თვით ილ-ღაზი, სარდალი ჯარისა, ძლივს გადაურჩა ბრძოლის ველზე სიკვდილს და თავში მძიმე დაჭრილი გაბრუნდა უკან.

ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება პოვა მახლობელ აღმოსავლეთში და ევროპაში. ამ ბრძოლის შესახებ წერდნენ ევროპელი, სომეხი თუ არაბი ისტორიკოსები. ჯვაროსნები დავითს როგორც მოკავშირეს ისე უყურებდნენ და მისგან დახმარებასაც კი ელოდნენ.

თბილისისა და დმანისი შემოერთბა

დიდგორის ველზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ დავითმა 1122 წელს, დიდი ბრძოლის შემდეგ, თბილისი აიღო და 400 წელი მაჰმადიანთა ხელში მყოფი ქალაქი კვლავ საქართველოს დაუბრუნა, სამეფო ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ისტორიკოსის თქმით, დიდგორის ომის „მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი. პირველსავე ომსა. ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკჳდრა შილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ“.

1123 წელს ქართველებმა დმანისიც წაართვეს სელჩუკებს და საბოლოოდ გაწმინდეს ქვეყანა ურდოებისგან, ამით დასრულდა საქართველოს საბოლოო პოლიტიკური გაერთიანება.

შირვანისა და ანისის შემოერთება

1124 წელს, აგვისტოს თვეში, მეფის წინაშე „მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. სამ დღეში დავითმა გაამზადა სამოცი ათასი მხედარი და სომხეთის ქალაქი ანისი, 60 წელი თურქ-სელჩუკთა ხელში მყოფი, გაათავისუფლა და შემოუერთა საქართველოს.

ამავე წელს მეფემ თურქ-სელჩუკთა განსადევნად გაილაშქრა შირვანზე, დაიპყრო იგი და შემოიერთა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამეფო საზღვრები გადაიჭიმა „ნიკოფსიიდან დარუბანდისა ზღვამდე და ოვსეთიდგან (იგულისხმება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ოსეთი) სოერად და არეგაწამდე“. საქართველოს სამეფო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა წინა აზიაში.

კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა

ასეთ გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე არ ივიწყებდა არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. მის მიერ 1106 წელს დაარსდა გელათის აკადემია – ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა, მან აქ მოიყვანა საქვეყნოდ განთქმული სწავლულნი და მფარველობას არ აკლებდა მათ, დავითმა შექმნა გელათის „ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად“. მეფეს გელათში მოუწვეია სახელგანთქმული ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. შემდგომში აქ მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი, ჰიმნოგრაფი და სასულიერო მოღვაწე არსენ იყალთოელი.

ჩვენამდე მოღწეულია დავით აღმაშენებლის ორი ანდერძი: ერთი შიომღვიმის ლავრისადმი, ხოლო მეორე გელათისადმი. ამ ანდერძიდან ჩანს, თუ რა დიდი წყალობა გაუღია მეფეს ამ სასულიერო და სერო სასწავლო ცენტრებისადმი.

ამავე დროს მეფე ყურადღებას არ აკლებდა არც საზღვარგარეთ არსებულ კულტურულ ცენტრებს, ქართულ მონასტრებს – საბერძნეთში, ბულგარეთში, პალესტინაში თუ სირიაში. მის სახელს უკავშირდება სინას მთაზე მონასტრის აშენება, საამისოდ „წარსცა ოქრო მრავალ ათასეული… წიგნები საეკლესიო სრულებით და სამსახურებული სიწმინდეთა ოქროსა რჩეულსა“.

მეფე ახალგაზრდების სწავლა-განათლებისათვის დიდად ზრუნავდა. სომეხი ისტორიკოსის ვარდანის სიტყვით, დავითმა ორმოცი ახალგაზრდა ბიზანტიაში გაგზავნა სასწავლებლად.

ამავე დროს მეფე არა მარტო თანამემამულეებს მფარველობდა, არამედ უცხო ტომის მეცნიერებსა და სწავლულებსაც ზრუნვას არ აკლებდა. არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ჯაუზი აღნიშნავს, რომ მუსლიმ პოეტებს, სუფიებსა და სწავლულებს ხშირად იწვევდა სამეფო კარზე და წვეულებებსაც უმარტავდა მათ.

ტოლერანტი მეფე

მიუხედავად იმისა, რომ დავით მეფე დამპყრობლებს დაუნდობლად ებრძოდა, სხვა სჯულის მიმართ პატივისცემას და დაფასებას იჩენდა. მან თბილისის შემოერთების შემდეგ მაჰმადიანებსა და ებრაელებს შეღავათები მიანიჭა ქალაქში. პარასკევობით მეჩეთშიც შედიოდა თავის შვილებთან ერთად და ყურანს კითხულობდა და ქადაგებას უსმენდა, ხოლო შემდეგ მათ ბევრ ოქროსაც უწყალობებდა. თვით დავითს ყურანიც კარგად სცოდნია და არაბი ისტორიკოსი მუჰამედ ალ ჰამავის სიტყვით განჯის ყადს ხშირად ესაუბრებოდა ისლამის დოგმებთან დაკავშირებით.

სომეხი ისტორიკოსებიც ქება-დიდებით ამკობდნენ მეფეს და სომეხი ხალხის მფარველად და პატრონად მიიჩნევდნენ მას.

„გალობანი სინანულისანი“

ჩვენამდე მოღწეულია დავითის მიერ დაწერილი ორიგინალური პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“, სადაც კარგად ჩანს მეფის ფილოსოფიური ხედვა, კაცთმოყვარეობა, ზნეობრივი მრწამსი. მასში დასმულია ზოგადსაკაცობრიო საკითხი – ადამიანის არსისა, გადმოცემულია მეფის სევდა და სინანული. იგი ღმერთს სთხოვს, რომ მიუტევოს დავითს „ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისანი“. ეს ლექსი ქართული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი დიდებული ფილოსოფიურ-ეთიკური ნაწარმოებია.

ტიტულატურა

იწოდებოდა დავით IV „მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა კახთა და სომეხთა“, შირვანისა და ანისის შემოერთების შემდეგ დავითის ამ ტიტულს, ჩანს, დაემატა „შარვანშა“ და„შაჰანშაც“, რაც შემდგომში ქართველი მეფის ტიტულატურაში აისახა.

მადლიერმა მემკვიდრეებმა კი მას განსაკუთრებული ზედწოდება მიანიჭა – „აღმაშენებელი“.

ჩვენამდე მოღწეული პირველი ისტორიული წყარო, სადაც დავითი „აღმაშენებლად“ იწოდება XV საუკუნეს განეკუთვნება. ეს არის 1452 წლის სასისხლო დოკუმენტი − სიგელი ავშანდაძეებისა, სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“ გადმოვარდნილა, დამტვრეულა და ავშანდაძეებს მოურჩენიათ.

ნარატიულ ისტორიულ ლიტერატურაში დავით „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოცემულია XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორიაში“.

გარდაცვალება

1125 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს 52 წლის ასაკში, დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა, იგი დაკრძალულ იქნა მის მიერ აგებულ გელათის ტაძარში.

ქართულმა ეკლესიამ დიდებული, განათლებული და ძლევამოსილი მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ, სტ, 8 თებერვალი) დააწესა, ქართველმა ხალხმა დავით აღმაშენებლის სახელი უკვდავი შარავანდედით შემოსა.



ლიტერატურა

  • რ. მეტრეველი, დავით IV აღმაშენებელი, თბ. 1990;
  • რ. მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალური ხანის საქართველოში. თბ. 1973;
  • ივ, ჯავახიშვილი, ქართული ერის ისტორია ტ. II 1970;
  • მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XIIს. მე-2 მეოთხედიდან 80წ. დასაწყისამდე, სინ ტ.III თბ. 1979;
  • ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე, შრომები, ტ.II თბ. 1952;
  • შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი თბ. 1972;
  • ვ. კოპალიანი, ურთიერთობა ბიზანტიასთან, ჯვაროსნებთან თბ. 1969;
  • დავით აღმაშენებელი კრებული, რედაქტორი რ. მეტრეველი თბ. 1990;
  • ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ, ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია თბ. 1943-50;
  • ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან თბ. 1989;
  • დ. გოგოლაძე, მეფე დავით IV და მისი ზედწოდება – „აღმაშენებელი“, „მაცნე“ ისტორიული სერია 1989 №3.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები