ოისტრახი დავით
დავით ოისტრახი – (17სექტემბერი 1908, ოდესა – 23 ოქტომბერი 1974, ამსტერდამი, დაკრძალულია მოსკოვში), მევიოლინე, სსრკ სახალხო არტისტი (1953). 5 წლისა სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას პ. სტოლიარსკისთან. მისივე ხელმძღვანელობით 1926 დაამთავრა ოდესის მუსიკალური დრამის ინსტიტუტი. 1934-იდან ოისტრახი მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია (1939- იდან პროფესორი). იყო საკავშირო (ლენინგრადი, 1935, I პრემია) და საერთაშორისო (ჰ. ვენიავსკის სახელობის ვარშავა, 1935, II პრემია, ე. იზაის სახელობის ბრიუსელი, 1937, I პრემია) კონკურსების ლაურეატი. ოისტრახის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა სავიოლინო სკოლის საერთაშორისო აღიარება. მისი რეპერტუარი ძალზე მრავალფეროვანი იყო. სპეციალურად ოისტრახისათვის დაწერეს ნაწარმოებები დ. შოსტაკოვიჩმა, ს. პროკოფიევმა, ა. ხაჩატურიანმა, ნ. მიასკოვსკიმ, ო. თაქთაქიშვილმა და სხვ. 1961-იდან წარმატებით გამოდიოდა როგორც დირიჟორი. აღზარდა მევიოლინეთა მთელი პლეადა, მათ შორის ლ. ისაკაძე, ლ. კოგანი, ვ. კლიმოვი, ო. კრისა, ი. ოისტრახი, ვ. პიკაიზენი, რ. გვასალია და სხვ. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.