დავით I ანჰოლცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით I უმიწაწყლო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით I ანჰოლცი (უმიწაწყლო) – ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს მეფე (991-996 — 1048-1049), გურგენის ძე. მის დროს ტაშირ-ძორაგეტის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა. დავითი თავიდანვე ცდილობდა ანისის სამეფოს გავლენისაგან გათავისუფლებას და ამის გამო აუჯანყდა ბიძას, სომხეთის მეფეს გაგიკ I-ს (990-1030). გაგიკმა 996 წლისათვის მოახერხა დავითის დამარცხება და სამეფო წაართვა (აქედან მეტსახელი ანჰოლცი - უმიწაწყლო).

მაგრამ ბრძოლები ტაშირ-ძორაგეტსა და ანისს შორის შემდგომაც გაგრძელდებოდა 1001 წელს ანისის ჯარებმა ააოხრეს ტაშირი, რაც ურჩი ვასალის ხელახალ განდგომაზე უნდა მეტყველებდეს.

საბოლოოდ დავით I მაინც ახერხებს დამოუკიდებლობის მოპოვებას. ამ მიზნით იგი მოკავშირეებსაც ეძებს. სამეფოს უსაფრთხოებისა და პრესტიჟის გაზრდის მიზნით იგი დაუმოყვრდა ჰერეთ-კახეთის სამეფო დინასტიას. ცოლად შეირთო დავით ქორეპისკოპოსის ასული, კვირიკე III დიდის და.

XI საუკუნის 30-იან წლებში ტაშირის სამეფო რანთა და კახთა სამეფოსთან, თბილისის საამიროსთან, თრიალეთის საერისთავოსთან და სხვა წვრილ ფეოდალურ სამფლობელოებთან კავშირში ებრძვის განძის ამირა ფადლონს, რომელიც სასტიკად იქნა დამარცხებული ეკლეცის (დღევანდელი თაუზ-ჩაი) ბრძოლაში.

1040 წელს ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დიდი საფრთხე დაემუქრა დმანისის მმართველ აბუ-სუარის მხრიდან. დავით I ანჰოლცმა მოახდინა ძალთა მობილიზაცია, შეკრიბა სახალხო ლაშქარი, დახმარება მიიღო ანისის მეფე იოანე -სუმბატისაგან (1020-1041), კაპანის სომხური და ერთიანი საქართველოს სამეფოებისაგან და გაანადგურა არაბების კოალიცია.

ამის შემდეგ ტაშირ-ძორაგეტის სამეფო შეტევაზე გადადის. 1041-1042 წლებში დავით I-მა ორჯერ სცადა ანისის სამეფოს ხელში ჩაგდება, მაგრამ მარცხი განიცადა.

ერთიანი საქართველოს სამეფოს გაძლიერებამ შეაშფოთა სომხეთის მეფე. ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით იგი უკავშირდება რანთა და კახთა მეფეს, ასევე თრიალეთის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს, საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საშინაო პოლიტიკაში დავით I ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა. როცა გაგის ციხის მფლობელმა მარზპანმა დემეტრემ გრიგორიანობა უარყო, მართლმადიდებლობაზე მოექცა, თავისი ვაჟი ტაშირის მამფლად გამოაცხადა და საგარეო პოლიტიკაში აშკარად ქართული ორიენტაცია აირჩია. დავით ანჰოლცმა იგი გაანადგურა და მამულები ჩამოართვა.

დავით I ანჰოლცის ვაჟებიდან უფროსი - კვირიკე სომხეთში გამეფდა, ხოლო უმცროსმა - გაგიკმა ჰერეთ-კახეთში სათავე დაუდო კვირიკიდების დინასტიას.


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები