დავუდ ფეიჰამბარი
დავუდ ფეიჰამბარ-ი (თაბ. Давуд пейгьамбар – „დავით წინასწარმეტყველი“) – პირველი მჭედელი დაღესტნურ (თაბასარანულ) მითოლოგიაში.
ადგილობრივი მჭედლების რწმენით, იგი გაწითლებამდე ავარვარებდა რკინას და მუხლებზე ხელით ამუშავებდა. ერთხელ დავუდმა გავარვარებულ რკინაზე ხელი ისე მიიწვა, რომ ტყავი გაძვრა (განრისხებულმა რკინასაც იგივე უსურვა; მას შემდეგ, თაბასარანელი მჭედლები რკინის ხენჯს დავუდ წინასწარმეტყველის ტყავად მიიჩნევენ). ამის გამო, რკინის ჭედვა ძველებულად უკვე არ შეეძლო და ამიტომ გამოიგონა მარწუხი, რომლის პროტოტიპი ძაღლის გადაჯვარედინებული თათები გახდა.
დავუდ ფეიჰამბარის სახე მუსულმანური მითოლოგიიდან არის ნასესხები, რომელშიც წინასწარმეტყველი დაუდი მეტალურგიისა და ლითონის იარაღების მფარველს წარმოადგენს. არ არის გამორიცხული, რომ მისი სახელის ქვეშ დღეისათვის უცნობი სახელის მქონე ადგილობრივი ღვთაება იმალება. ამასთან დაკავშირებით, ვ. ბასილოვი წერს, რომ „მუსულმანურმა წმინდანებმა შემოინახეს ძველ ღვთაებათა არა იმდენად ფუნქციები, არამედ მითოლოგიური დახასიათება“.
ლიტერატურა
- Басилов В. Н. Культ святых в исламе. М., 1970;
- Сефербеков Р. И. Об одном мифологическом сюжете табасаранцев: «змеи, выпадающие с неба» // Лавровский сборник. Материалы XXXVI и XXXVII среднеазиатско-кавказских чтений 2012-2013 гг. Этнология, история, археология, культурология. СПб., 2013.