დათუაშვილი პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაატა ნასყიდას ძე დათუაშვილი – (დ. 5 აგვისტო 1954 – 25 იანვარი 1995), ქართველი გენერალ-მაიორი (26.10.1992).

დაიბადა ქალაქ ყვარელში. 1971 წელს დაამთავრა ყვარლის საშუალო სკოლა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი და 1988 წელს სამხედრო საარტილერიო აკადემია ქალაქ მოსკოვში. 1975-1978 წლებში მსახურობდა საცეცხლე ოცეულის და ბატარეის მეთაურად ბელარუსის სამხედრო ოლქში.

1978-1980 წლებში მსახურობდა ბატარეის მეთაურად გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში.

1980-1981 წლებში მსახურობდა შუა აზიის სამხედრო ოლქში ტანკსაწინააღმდეგო ბატარეის მეთაურად.

1981 წლის თებერვალ-დეკემბერში მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1982-1985 წლებში მსახურობდა ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილედ ბელარუსის სამხედრო ოლქში.

1988-1990 წლებში მსახურობდა რეაქტიული არტილერიის დივიზიონის მეთაურად ბაიკალის სამხედროოლქში.

1990 წელს ბრუნდება საქართველოში და აქტიურად ებმება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო საქართველოს ეროვნული საჯარისო ფორმირების – ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.

1991 წელს დაინიშნა ეროვნული გვარდიის ბატალიონის მეთაურად და იმავე წელს მიენიჭა გვარდიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1992 წლის ივლის-ნოემბერში მსახურობდა ქართული ჯარის მთავარი შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ.

1992 წლის 26 ოქტომბერს მიენიჭა ,,ბრიგადის გენერლის“ სამხედრო წოდება. 1993 წელს ,,ბრიგადის გენერლის“ წოდება შეიცვალა ,,გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდებით. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში.

1992 წლის დეკემბრიდან 1993 წლის აპრილამდე სარდლობდა აფხაზეთში დისლოცირებულ მე-2 საარმიო კორპუსს.

1993 წლის აპრილში დაინიშნა შეიარაღებული ძალების სარდლის პირველ მოადგილედ, ხოლო 1993 წლის 22 მაისს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებებში.

1994-1995 წლებში სწავლობდა მოსკოვში გენერალური შტაბის აკადემიაში. დაიღუპა მოსკოვში, 1995 წლის 25 იანვარს, მასზე და გენერალ გია ყარყარაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს.

დაჯილდოებული იყო, ახტანგ გორგასლის III ხარისხის (1993წ.) და წითელი ვარსკვლავის ორდენებით (სსრკ). მიღებული ჰქონდა ავღანეთის ჯილდოები.


თბილისში, საბურთალოს რაიონში არის მისი სახელობის ქუჩა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები