დანელია დარეჯან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარეჯან დანელია

დანელია დარეჯან – (1959), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ლეხაინდრაოში (მარტვილი). განათლებით არის ინჟინერი. 1986 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში. გამოცემული აქვს ერთი, ადრეული ლექსების კრებული „ვნება ჭიქაში”, მისი ერთი ლექსი მოხვდა გამარჯვებულთა სიაში და დაიბეჭდა წიგნში „ასი ლექსი”; თარგმნის რუსული და ფრანგული პოეზიის ნიმუშებს.


* * *
ვაითუ ღამემ, უსასრულომ, ნათელი ვერ შვას
და უკუნეთმა დამიბუროს ჩემი სამყარო,
ვაითუ, ჩემი განთიადი უპყრია ეშმას,
გულისთქმა ერთი ხელის მოსმით დამისამაროს.
აწეწილ სულის ფორიაქი ღამეებს მითევს,
არ ქრება ხიბლი, იმ დაკარგულ, გონშეშლილ დღეთა,
როდესაც სიტყვა, ფრთაშესხმული, ეტრფოდა რითმებს,
კალმის წვდომამდე ახლო იყო შეხება ღმერთთან…
წამომყევ ისევ, ცოდვილები ვეახლოთ ეროსს.
(გახსოვს?- ღვთაება, ოქროს ისრით, თავად გვეწვია),
ქედს მოვიხრით და პატიებას, შენდობას შევთხოვთ,
განა რა არის გზა ჩვენს შორის, ერთი ბეწვია.
დატრიალდება ისევ წაღმა ბორბალი ბედის,
სულიც ფარფატით აუყვება მაღლა, ცის კიბეს,
ისევ შეიგრძნობ, იღბალს შენსას თავადვე ხედნი
და „რასაც დასთეს, მხოლოდ იმას უნდა იმკიდე”.
წამო, წავიდეთ! კიდევ ერთხელ ვეწვიოთ ეროსს!!!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები