დარბაისელი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო დარბაისელი

დარბაისელი ნინო – (1961, ნინო სტრონი) ქართველი პოეტი, ლიტერატურატმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იბეჭდება 1974 წლიდან, ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში „პოეზიის დღე”. 1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ქართული თავისუფალი ლექსი”. არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი („ახალდედები”, 1987; „ჩემი სიყვარულის პწკარედი”, 1996; „დილისპირული”, 2002; „დიოტიმა”, 2005 და 2006; „ვიტა ბრევის”, 2010). სხვადასხვა წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მეცნიერების” მთავარ რედაქტორად, „კავკასიური სახლის” დირექტორის მოადგილედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, „გალაკტიონის კვლევის ცენტრის” პასუხისმგებელ მდივნად. ძირითადად თარგმნის ინგლისურიდან და რუსულიდან, გამოქვეყნებული აქვს გერმანული პოეზიის თარგმანებიც. ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ანა ახმატოვა
თარგმნა ნინო დარბაისელმა
ვით ჭის სიღრმეში თეთრი ლოდია,
მოგონება ძევს ჩემშიც ის ერთი.
არ მინდა ბრძოლა, არც შემიძლია...
ლხინია ჩემი და ტანჯვა ერთვის.
თუ ღრმად ჩამხედავს თვალებში ვინმე,
უმალ გახდება მხილველი მისი,
იქნება უფრო მწუხარე, ვიდრე
მსმენელი ამბის შესაბრალისის.
ღმერთები საგნად აქცევდნენ როცა,
კაცს არ უკლავდნენ, ვიცი, გონებას,
რათა ეცოცხლათ დარდებს საოცარს.
შენ ხარ ქცეული ჩემს მოგონებად...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები