დაფიცვა ხელისმომკიდით
დაფიცვა ჴელისმომკიდით – დაფიცების ხევსურული წესი: როცა ორი მხარე დანაშაულს ერთმანეთს აბრალებდა, მაგრამ ვერ ამტკიცებდა, რომელიმე მათგანი მოდავეს შეუთვლიდა, ჴელისმომკიდესთან (ნათესავი: ძმა ან ბიძაშვილი, რომელიც დაფიცების დროს მას გვერდით უდგას) ერთად დაეფიცა. ასეთ შემთხვევაში, დამფიცავს ჯვარში საკლავი მიჰყავდა და შემდეგი სახის ფიცს დებდა: „დალოცვილო მთავარო ანგელოზო, შენ ნურაით შამისაწყინდები შამაზახილზე. შენ გულთამხილავი ხარა-დ შენ იცი, რომ მე დამნაშავე არ ორ. დალოცვილო, ამ საქმეში (დაასახელებს) თუ მე მართალ ორ, სიმართლით მამყოფე, მიშველი. თუ მტყუანი ორა, მიმტყუვნი, დალოცვილო, თუ მტყუანი ორ, მე გამიწყერი, მამდი შვილით-შვილამდინა-დ ქალის შვილამდინ, თუ არადა, ჩემს ტყუილად დამბრალეს გაუწყერი“. მერე ხუცესი შემდეგნაირად იხუცებდა: „ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი, მიქიელ-მთავარანგელოზო, შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიჴმარი ეს პირის საბანი, შენ შენთ მეხვეწურთად, ერთუცის მოდავეთად (სახელებს იტყვის) საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიჴმარი. ნურაით შაუსაწყინდები, დალოცვილო, შენდ შამაძახილზე თავის გასამართლებლად, ნურაით დააზიანებ, შანაცოდვარი შაუნდევი, დალოცვილო. ხთის კარზე შაიტან ეს ეს სამსახური, დალოცვილო, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს“. ხუცესი ხუცობას აგრძელებდა და ბოლოს ასე დაასრულებდა: „შენად სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიჴმარი, მიქიელ მთავარო ანგელოზო, ეს სამსახური, პირის საბანი, შენ მეხვეწურთ სამწყალობნოდ მაიჴმარი, შენ უშველი ერთუცის მოდავეთ, დალოცვილო, რაც ავ ჩამაღორდნივ, ნუღარას ავს ჩამაუგდებ, დალოცვილო, დავის სიმართლის გულისად შამაძახილზე ნუ შაუსაწყინდები, შენ უშველ, დალოცვილო, შენ დაეჴმარი ველთაცა-დ შინაც, ღმერთი შენს ძალსა, დიდებას მაუმატებს“.
ხუცობის დამთავრებისთანავე, დასტური საკლავს ოთხივე ფეხს დაუჭერდა, აიყვანდა და მუცელზე პირაღმოსავლეთისკე დაიდებდა, ხუცესი კი ყელს გამოჭრიდა და მოდავეებს დაამწყალობნებდა: „გწყალობდასთ ერთუცის მოდავეთ მიქიელის დავლათი, საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნათ, შაძახილზე ნუ შაგიცოდვნასთ დალოცვილმ; სიხარულად გაგიჴადასთ, ჯვარიონთ გწყალობდასთ, ხუცესს ენა-პირ გიკურთხას, შაუცოდვრად შაგინახნასთ“. შემდეგ მოდავეები ერთმანეთს გადაკოცნიდნენ; დაფიცვის შემთვლელი კი იტყოდა: „ეესეთაი ას ხალხის ენაი, ხალხმ კინაღ ერთუცი დაგვაჴოცივ. კარგად ხქენი, შენს თავს ჭირი მააშორი, მე – სირცხვილი, რო დაიფიცი. კაქცნი მარცხვნიდეს, თორემ მე შენ არ დაგაფიცებდი“. დამფიცავი უპასუხებდა: „აბა, შენ გადამეკიდი თავის სილაღითა, სიამაყით, თორემ შენაც იც, რო მე მაგ საქმეში ბრალ არცაით მედებდ“. შემდეგ, შერიგების ნიშნად, კვლავ ერთმანეთს გადაკოცნიდნენ, მაგრამ საქმე ამით არ მთავრდებოდა: მოდავე მხარეს დამფიცველისთვის „სამამფიცრო“ (ხუთი ძროხის ფასი. ძროხა – ხუთი კილოგრამი სპილენძი.) უნდა გადაეხადა.
ლიტერატურა
ალ. ოჩიაური. ქართული ხალხური დღეობების კალენდარი. ხევსურეთი (არხოტის თემი). თბ., 1988, გვ. 102-103.