დაწერილი (დოკუმენტი)
დაწერილი – ქართული დიპლომატიკური ტერმინი. აღნიშნავდა საბუთს, იურიდ. აქტს, დოკუმენტს, რომელიც მეფის მიერ არ იყო გაცემული (იშვიათად – ასეთსაც). მიჩნეულია, რომ დაწერილი, როგორც საბუთის აღმნიშვნელი ტერმინი, გაბატონებული იყო X ს-მდე. ამ დროიდან მასთან ერთად ვრცელდება ბერძნულ-ბიზანტიური ტერმინი – სიგელი – მეფეთა მიერ გაცემული საბუთი. X-XIV სს-ში დაწერილი და „სიგელი“ თანაარსებობდნენ. XV ს-იდან შემოდის ტერმინი – წიგნი, რომელმაც XVI ს-იდან შეცვალა და მთლიანად განდევნა დაწერილი ამიერიდან დაწერილს იყენებდნენ რბილ საწერ მასალაზე (ეტრატი, ქაღალდი) შესრულებული საბუთების აღსანიშნავად.
ჩვენამდე მოღწეული ძვ. ქართული საბუთებიდან იურიდიული აქტის აღსანიშნავად დაწერილი პირველად გვხვდება მელქისედეკ ქართლის კათალიკოსის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისათვის გაცემულ დაწერილში (1031–33). აქ იგი ორგზის უწოდებს თავის საბუთს დაწერილს: „რომელთა ესე დაწერილი და განგებული სულისა ჩემისაჲ ჰნახოთ, თქუენ სიმტკიცე დაწერეთ“, – „ბაგრატ აფხაზთა მეფეო… და ძლიერო მეფეო კჳრიკე ესე დაწერილი… ჴელითა თქუენითა დაამტკიცეთ“. ნიშანდობლივია. რომ არც ბაგრატ IV, არც კჳრიკე კახთა მეფე და საბუთის სხვა დამამტკიცებლები მას დაწერილის არ უწოდებენ. არამედ მოიხსენიებენ „ბრძანებით“ ან რაიმე სხვა სიტყვით („გაუგია“. დაუწერია“). პირველად დაწერილი როგორც არა მეფის მიერ გაცემული საბუთი და როგორც მეფის მიერ გაცემული საბუთი – სიგელი – ერთმანეთის საპირისპიროდ დასტურდება ოპიზარ და მიჯნაძორელი მამებისათვის ბაგრატ IV-ის მიერ გაცემულ სიგელში (1054–72). აქ აღნიშნულია, რომ მიჯნაძორელმა მამებმა წარმოადგინეს „სიგელნი გურგენ ერისთავთა ერისთავისაი, გურგენ მეფეთა მეფისაი, პაპისა ჩემისა ბაგრატ კურაპალატისაი და მამისა ჩემისა გიორგი მეფისაი“, ხოლო ოპიზართა მიერ წარმოდგენილი საბუთის შესახებ აღნიშნულია: „მოიღეს ოპიზართა დაწერილი გუარამ მამფლისაი“; მაშასადამე, დაწერილისა და სიგელის, როგორც გარკვეული სახის საბუთების აღმნიშვნელი ტერმინების, გავრცელების სფერო აქ მკვეთრადაა დიფერენცირებული. იმავე XI ს-ში არის ერთი შემთხვევა, როდესაც მეფის მიერ გაცემულ საბუთს, მის მტკიცებით ნაწილში – გიორგი ქართლის კათალიკოსის ხელრთულობაში დაწერილი ეწოდება: „მე, გიორგი ქართლის კათალიკოზი, მოწამე ვარ დაწერილსა მათსა“, „ვინცა ვინ… ვითა მათსა დაწერილსა სწერია, უქციოს და შალოს დაწერილი მათი… ჰრისხავსმცა მამაი, ძე და სული წმიდაი“ და სხვ. მაგრამ ეს გამონაკლისია და სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, დაწერილი მხოლოდ ისეთ საბუთებს ეწოდება, რომლებიც არ არის მეფის მიერ გაცემული.
დაწერილი არის ეპიგრაფიკული საბუთების აღმნიშვნელი დიპლომატიკური ტერმინიც. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ასეთი საბუთია დაწერილი ზაზისა და თუთასი ბაჰრამისა და ლომასათვის მეჯუდის ხეობის სოფელ ჭალისუბნიდან; თარიდდება X ს-ით. წარწერა ასე იწყება: „სახელითა ღმრთისაითა, ესე დაწერილი დაგიწერეთ ჩუენ, ზაზი და თუთამან კოლონკელის ფხუენელასძისა პირით და მისა ცოლისაითა..“ რამდენიმე დაწერილი, დასტურდება სვანეთის ნაკაწრ წარწერებში. ერთი მათგანის დასაწყისი ასეთია: „ქ. სახელითა ღმრთისაითა. ესე დაწერილი და ნიშანი დაუწერეთ მეფოველთა და ზეგენელთა (XIV-XV სს. ნაკიფარი, წმ. გიორგის ეკლესია).
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
- ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3. თბ. 1966;
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი. ტ. 1. IX-XIII სს. საბუთები. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ე. სილოგავამ. ნ, შოშიაშვილმა, თბ., 1984;
- სვანეთის წერილობითი ძეგლები, II. ეპიგრაფიკული ძეგლები, ვ. სილოგავას გამოც. თბ., 1988;
- ჯავახიშვილი ი . ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა. – იხ. მისი თხზ., ტ. 9, თბ., 1996.