დგებუაძე შუქური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუქური დგებუაძე

დგებუაძე შუქური – (1952), ტელეოპერატორი, პოეტი. დაიბადა სოხუმში. 1969 წელს დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა, 1974 წელს – ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1976 წლამდე მუშაობდა საპროექტო ბიუროში, 1976-1992 წლებში კი – გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის” ფოტოკორესპონდენტად. 1992 წლიდან აფხაზეთის ტელევიზიის ოპერატორია. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი: „ზარები რეკენ” (1984) და „და იყო დილა” (1988).


მარადიული გრძნობა
ჩემია ეს ზღვა, ზღვის კენჭებიც,
ეს მთა და მდელოც,
ქარიც ჩემია, ზღვის ტალღებს რომ
ჩემს მკერდზე ამსხვრევს,
ეს ცაც ჩემია,
ღამღამობით ალერსს რომ მიძღვნის...
ცრემლიც ჩემია,
ძველ ჭრილობებს გამოპარული,
სიტყვაც, ვით ღმერთი,
მაგრამ სადღაც გადახიზნული...
ჩემია, ჩემი ეს სიზმარი აქ,
ჩემს მამულში...
კვლავ ვუბრუნდები მკვდრეთით აღმდგარ
მე ძველ ნანგრევებს...
ჩემია, ჩემი ეს ბედიც
და ეს უბედობაც,
ეს ჟამთა სრბოლაც,
ეს ხნულიც გულში ღარი
რომ გაუვლია და მეც ამ ხნულში დავაბოტებ,
ვით მეოცნებე...
ჩემია, ჩემი ეს წუთი და წუთისოფელიც,
ეს მე ვარ, მხრებზე რომ შევიდგი
ჩემი ტაძარი,
ეს მე ვარ, გესმით,
მაიმედებს ჩემი აჩრდილი...
ჩემია, ჩემი ეს გრძნობა და
ცრემლი დაღვრილი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები