დედა ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Queenbee.PNG

დედა ფუტკარი - ფუტკრის ნორმალურ ოჯახში არის ერთი განაყოფიერებული დედა, რომელიც ზომით ყველა დანარჩენ ფუტკარს აჭარბებს. მისი სხეულის სიგრძე ჯიშისა და სეზონის მიხედვით 20-დან 25 მმ-მდე მერყეობს. განაყოფიერებული დედა ფუტკარი იწონის 180-300 მგ-ს, გაუნაყოფიერებელი — 130-170 მგ-ს. დედა ნორმალური შთამომავლობის მომცემი ერთად ერთი ინდივიდია. სრულფასოვანი დედა დღე-ღამეში 2000-ზე მეტ კვერცხს დებს. დედა ფუტკარი კვერცხის დასადებად 40-46 წამს ხარჯავს. დედის ნაყოფიერება საკვერცხეების განვითარების ხარისხით, სხეულის სიდიდით განისაზღვრება, რაც უფრო მსხვილია დედა, უფრო მეტი საკვერცხე მილაკები აქვს, მით უფრო მეტი ბარტყი და ფუტკარია ოჯახში.

წვრილი დედა მცირე რაოდენობით დებს კვერცხს. ყველაზე მეტ კვერცხს დედა სიცოცხლის პირველ ორ წელიწადში დებს. ასაკთან ერთად დედის კვერცხმდებლობა მცირდება, ხნიერი დედა კი განაყოფიერებულ კვერცხთან ერთად დიდი რაოდენობით დებს გაუნაყოფიერებელსაც. ჩვეულებრივ, დედა ფუტკარი ოჯახში 3-5 წლამდე ცოცხლობს. ცუდი ზამთრობის პირობებში (საკვები მარაგის უკმარისობა და სხვ.), დედა იღუპება ფუტკრის ძირითადი მასის დაღუპვის შემდეგ სულ ბოლო მომენტში. მსხვილი დედის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე წვრილისა.

თავის ფორმა მომრგვალებული აქვს. ყველა ფუტკარს აქვს ორი რთული და სამი მარტივი თვალი. მარტივი თვალები შუბლზე აქვს წამოწეული. ფუტკრის პირის აპარატი (კენტი ზედა ტუჩი, წყვილი ზედა ყბა, ხორთუმი) მღრღნელ-მწუწნავია, ხორთუმის სიგრძე დამოკიდებულია ჯიშზე. დედის ხორთუმი 6,5 მმ-ია. ხორთუმით წოვს ყვავილებიდან ნექტარს და ფიჭის უჯრედებიდან თაფლს.

მკერდი ოთხი სეგმენტისგან შედგება. წინა, უკანა და შუალედური. მკერდთან მიმაგრებულია სამი წყვილი ფეხი და ორი წყვილი ფრთა. ფეხებით ხდება ყვავილის მტვრის შეგროვება-გადატანა.

მუცელი ექვსი სეგმენტისგან შედგება. მუცლის ბოლოში აქვს ნესტარი, ეს არის სახეცვლილი კვერცხსადები, რომელიც დამცავის ფუნქციას ასრულებს. იგი შედგება კენტი ციგურების, ორი მოძრავი სტილეტის, დიდი და პატარა შხამიანი ჯირკვლებისა და ორი საცეცისაგან. ციგურები ღარისმაგვარი წარმონაქმნებია, რომელთა ქვედა მხარეზე ორი გასწვრივი ღერძია. ციგურებს თან ერთვის ორი უმოძრაო სტილეტი, რომელიც ციგურების რელსის მაგვარ ღერძში ცურავს, სტილეტი დაკბილვით მთავრდება, რომელიც ფუტკარს საშუალებას არ აძლევს ამოძრაოს ნესტარი ძუძუმწოვრების კანიდან. დანესტვრის შემდეგ ფუტკრის აფრენის დროს მისი სხეულიდან ნესტარი წყდება. ქიტინის საფარვლიანი მწერის დანესტვრისას ნესტარი არ წყდება, რადგან ქიტინოვან საფარველში ხვრელი წარმოიშობა, საიდანაც ნესტარი ადვილად ამოდის. ციგურები და სტილეტები ქმნიან ღრუს, საიდანაც დანესტვრის დროს ჭრილობაში აღწევს შხამი. ფუტკრის სხეულის საფარველი შედგება ბაზალური მემბრანის, ერთფენოვანი ეპითელიუმისა (ჰიპოდერმა) და ქიტინოვანი კუტიკულისაგან. ისინი წარმოადგენენ დამცავ ფენასა და გარე ჩონჩხს, რომლებსაც შიგნიდან, მუსკულატურა ემაგრება. საფარვლის შეფერილობა პიგმენტზეა დამოკიდებული. ის არის ყვითელი და მუქი (მუქი რუხიდან მუქ ყავისფრამდე). მუცელი დაფარულია ბეწვით, რომელთაგან ერთი შეხების შეგრძნებას ემსახურება, სხვები სხეულს მტვრისაგან იცავენ.

Queen2.PNG

დედა ფუტკრის სასქესო ორგანოები შედგება ორი საკვერცხისა, წყვილი და კენტი კვერცხსავალის, თესლმიმღებისა და საშოსაგან. საკვერცხეები, რომლებიც ფორმით მსხალს მოგვაგონებენ, მოთავსებულია მუცლის ზედა ნაწილში და მსხვილი ნაწილით მუცლის ბოლოსკენ არიან მიმართული. საკვერცხეები ზედა ბოლოებით ერთიმეორეს ეკვრიან. თითოეულ მათგანში არის პარალელურად განლაგებული 110-180 (კარგ დედებში 230-მდე) საკვერცხე მილაკი. საკვერცხეების მსხვილი ბოლოებიდან გადის წყვილი კვერცხსავალი. განაყოფიერებული დედის კვერცხსავალში შეიძლება დაგროვდეს საკვერცხე მილაკებიდან ჩამოცვენილი 4-7 კვერცხი. წყვილი კვერცხსავალი ერთ ცალკე კვერცხსავალში ერთიანდება. მის ზემოთ მდებარეობს 1,5 მმ-მდე დიამეტრის ბურთის ფორმის თესლმიმღები. კენტ კვერცხსავალთან შეერთებულია საშო და სანესტრე კამერა შემაუღლებელი ჯიბეებით.

დედა ფუტკრის განვითარება რამდენადმე სხვანაირად მიმდინარეობს. დედები თავიანთი წარმოშობით არიან ხოლმე სანაყრე, გაჭირვებისა და ხელოვნურად გამოყვანილი. სანაყრე სადედე ბარტყი სპეციალურად აშენებულ სადედეში ვითარდება. ფუტკარი სადედეს აშენებს ფიჭის გვერდებზე. დედა ფუტკრის გამოყვანის დროს ფუტკარი იღებს სამუშე ფუტკრის ახალგაზრდა ბარტყს. ამისათვის დასაწყისში უჯრედს აგანიერებს გარდაქმნის ჯამად, შემდეგ კი სადედედ. გაჭირვების სადედეებს ფიჭის შუაში ათავსებენ.

დედის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობის ამაღლებისათვის. დედის ხარისხის შესახებ მისი სამეურნეო ნიშნების მიხედვით მსჯელობენ, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ნაყოფიერება. დედა რაც უფრო მეტ კვერცხს დადებს, მით უფრო მეტი ფუტკარი იქნება გამოზრდილი და ოჯახი მეტ თაფლს შეაგროვებს.

დედის სიდიდე დამოკიდებულია ჯიშსა და წლის სეზონზე. ერთი ჯიშისა და ასაკის დედა ფუტკარს ხშირად მაინც არა აქვს ერთნაირი მასა. გამოყვანილი დედის ხარისხზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: აღმზრდელი ოჯახის მდგომარეობა, ბუნებაში ღალის არსებობა, ტემპერატურის რეჟიმი ბუდეში, მთამომავლობითი ნიშნები, ოჯახში თაფლისა და ჭეოს მარაგი, ბარტყის ასაკი და სხვა.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები