დეკონსტრუქტივისტული არქიტექტურა

დეკონსტრუქტივისტული არქიტექტურა – 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩენილი დეკონსტრუქტივიზმი უფრო მეტად ეფუძნება თეორიას, ვიდრე მაღალი ტექნოლოგიების არქიტექტურა. დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორები განზრახ არღვევენ ჰარმონიის, ერთიანობისა და მდგრადობის ტრადიციულ არქიტექტურულ პრინციპებს, რათა შექმნან ცენტრს აცდენილი, გადახრილი და გამრუდებული კონსტრუქციები. მათზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსი სუპრემატისტებისა და კონსტრუქტივისტების ესთეტიკამ, ისე დეკონსტრუქციის პრინციპებმა, რომლებიც ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას (Jacques Derrida, 1930-2004) მიერ იყო შემუშავებული. დერიდასეული დეკონსტრუქცია ამკვიდრებს ტექსტს, რომელსაც არ გააჩნია ერთი, არსებითი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მნიშვნელობა. ეს მნიშვნელობა ყოველთვის "ინტერტექსტუალურია", ის ტექსტებს შორის არსებული ურთიერთკავშირის შედეგად არის მიღებული. მნიშვნელობა ყოველთვის "დეცენტრირებული" და "გაბნეულია" უსასრულო ქსელში "ნიშნებისა", რომლებსაც თავის მხრივ, არ გააჩნია მყარი მნიშვნელობები. დეკონსტრუქტივისტული არქიტექტურა "ინტერტექსტუალურობას"ჰგავს იმით, რომ ისიც მნიშვნელობით თამაშობს, ამ შემთხვევაში, სხვადასხვა არქიტექტურული თავისებურებების, ფორმებისა და კონტექსტის ნაზავის დახმარებით. ის "დეცენტრირებულია" თავის "დიფუზიურობაში" ისევე, როგორც ფორმისა და მნიშვნელობის ცნობიერ არამდგრადობაში.
დეკონსტრუქტივისტული არქიტექტურის კარგი მაგალითია გერმანიაში, ვაილ ამ რეინში მდებარე ვიტრას სახანძრო სადგური რომლის პროექტიც ბაღდადში დაბადებულ არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდს (Zaha Hadid, d. 1950) ეკუთვნის. ჰადიდი ლონდონში სწავლობდა და 1979 წელს, აქვე დაიწყო თავისი არქიტექტურული საქმიანობა. ვიტრას სახანძრო სადგური ფორმალურად, კაზიმირ მალევიჩის ფერწერის გავლენითაა შექმნილი. მისი ერთმანეთისკენ გადახრილი რკინაბეტონის კედლები მოულოდნელი კუთხეებით ხვდება ერთმანეთს და მკვეთრ შვერილებად იჭრება სივრცეში. არქიტექტურული ფორმები უარყოფს ვიზუალური მთლიანობისა თუ სტრუქტურული კავშირის განცდას, თუმცა სანაცვლოდ, უშუალობის, სისწრაფისა და დინამიკურობის შეგრძნებას ბადებს, რაც ასე კარგად გამოხატავს შენობის ფუნქციას. ტორონტოში დაბადებული და კალიფორნიაში დაფუძნებული არქიტექტორი, ფრენკ ო. გერი (Frank O. Gehry, d.1929) ასევე ქმნის ნაგებობათა არამდგრად, დეკონსტრუქტივისტულ მასებსა და ფრთებს მიმსგავსებულ, მრუდე ფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვნად სცილდება შენობის ძირითადი მოცულობის საზღვრებს. ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტია.
1990-იან წლებში, ხელოვნების მუზეუმების დაპროექტება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა, რადგან ეს შენობები სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა ქალაქების ვიზუალურ ლანდშაფტს. გერიმ თავისი ასიმეტრიული დიზაინი CATIA CAD-ის პროგრამის მეშვეობით შეიმუშავა. სწორედ ამ პროგრამამ მისცა მას მძლავრი, ორგანული, სკულპტურული ფორმების შექმნის შესაძლებლობა. კომლპექსის ფოლადის კონსტრუქცია დაფარულია ვერცხლისფერი ტიტანის თხელი ფენით, რომელიც ამინდისა და დღის მონაკვეთის მიხედვით, ხან ოქროსფრად, ხან კი ვერცხლისფრად ლივლივებს. ჩრდილოეთი მხრიდან შენობა ცოცხალ ორგანიზმს მოგვაგონებს, ხედვის სხვა კუთხეებიდან კი უზარმაზარ ხომალდს, რითიც მრეწველობის იმ დარგზე მიგვანიშნებს, რომელზეც ბილბაო ტრადიციულად იყო დამოკიდებული. ასეთნაირად, მუზეუმის შენობა ძალზე თვალსაჩინოდაა ქალაქთან იდენტიფიცირებული. მუზეუმის სკულპტურული მშვენიერების მიუხედავად, ცნობილია, რომ მისი შიდა სივრცე ძალზე მოუხერხებელია ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად. შენობის ძირითადი მახასიათებლები ფრენკ ლოიდ რაითის პროექტით შექმნილი, ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმის სპირალის იდეას ეფუძნება. რაითის შენობა, არქიტექტურის სკულპტურულ შესაძლებლობათა გერისეული თამამი ძიებების სახელოვანი წინაპარია.