დელტა (მდინარის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდ. კუკის ქვედა ღრმულის დელტა, კაჩემაკის უბე, ალიასკა, აშშ

დელტა (მდინარის) (ბერძ. Dеltа < ბერძნული ალფავიტის მეოთხე ბგერა D-ს მიხედვით) – მდინარის ქვემო წელის დადაბლება, ზღვაში ან ტბაში შეჭრილი მდინარის შესართავი, რომელიც აგებულია ნარიყით და გადაკვეთილია მეტნაკლებად დატოტვილი მდინარის ნაკადებითა და ფშანებით. დელტა წარმოიქმნება მდინარის ჩამონადენის, ზღვის ღელვის, მოქცევებისა და წყლის მიმოდენის რთული ურთიერთმოქმედების შედეგად. დელტა ზრდას ხელს უწყობს მდინარის მყარი ჩამონადენის სიუხვე, წყალსატევის (ზღვის, ტბის) დონის დაწევა (ან ხმელეთის ნაპირის ამაღლება).

განასხვავებენ დელტას ტიპებს: ნისკარტისებრი (ტიბრი), ლაპოტური (მისისიპი), ბლოკირებული (კამჩატკა), გამოშვერილი, მომრგვალებული ზღვის კიდით (ნიგერი), მრავალკუნძულიანი (ვოლგა), ჩაჭრილი (ნევა).

ნოყიერი და დანესტიანებული ნიადაგების გამო ზოგი დელტა ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონია; ამ მხრივ აღსანიშნავია მდინარეების: ნილოსის, ხუანხესა და განგის ვრცელი დელტები. დელტას დიდი ნაწილი აგებულია წვრილმარცვლოვანი დანალექებით, ქვიშითა და თიხოვანი მასალით შეზავებული ალევრიტებით. დელტა დანალექებისათვის დამახასიათებელია მეტად მრავალფეროვანი ფენობრიობა. დელტას დანაგროვების სიმძლავრე აღწევს რამდენიმე ასეულ და ათას მეტრს. მაგ., მდინარე ნიგერის დელტას დანალექების სიმძლავრე 8 კილომეტრია. დელტას ზრდის სიჩქარე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრამდე წელიწადში. დიდი მდინარეების დელტები ხშირად დიდ ფართობს იკავებს. მდინარე ამაზონის დელტას ფართობია 100 000 კმ2 , მისისიპისა – 80 000 კმ2 , მდინარე ლენისა – 28 000 კმ2, მდინარე ვოლგისა – 19 000 კმ2. დელტა წარმოქმნის საქართველოს მდინარეებიც. აღსანიშნავია მდინარეების რიონისა და ჭოროხის დელტები. რიონის დელტა გაშენებულია ქალაქი ფოთი თავისი გარეუბნებითა და ნავსადგურით. იგი მოწყვლადი დელტაა. მდინარე ჭოროხის დელტა მოიცავს სანაპირო ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან (თურქეთთან) მდინარე ყოროლისწყლის შესართავამდე. მისი ფართობია 85 კმ2. დელტა ხმელეთის თითქმის 70% უჭირავს ქალაქ ბათუმს თავისი გარეუბნებით და ადლიის აეროპორტს, 15% აგროსავარგულები და პლაჟებია. აღსანიშნავია აგრეთვე მდინარე მტკვრის დელტა აზერბაიჯანში, შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობი დაახლოებით 100 კვ.კმ-ია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები