დელფოელი მეეტლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დელფოელი მეეტლე

დელფოელი მეეტლებრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დელფოს ანსამბლშია აღმოჩენილი.

XIX საუკუნის 90-იან წლებში, არქეოლოგიური გათხრებისას აპოლონის ტაძრის მახლობლად აღმოჩნდა ბრინჯაოს ქანდაკებების. ნამსხვრევები აგრეთვე ქვის დიდი პოსტამენტი, რომელზედაც წარწერაა ამოკვეთილი. წარწერა სამწუხაროდ ცუდადაა შემონახული, მაგრამ მისი შინაარსი მკვლევართა შორის დღეს ეჭვს არ იწვევს: იქ წარწერილია სახელი იმ ადამიანისა, რომელმაც პითიურ ასპარეზობაში გამარჯვებისა და მადლობის ნიშნად შეწირა აპოლონ ღვთაებას ეს ქანდაკებები. ეს იყო სიცილიის ერთ-ერთი ბერძნული ქალაქის – გელას ტირანი, სახელად გელონი. მაგრამ იგი მალე გარდაიცვალა და ამის გამო ეს ქანდაკებები აპოლონის ტაძრისათვის მის ძმას – პოლიზალოს სირაკუზელს შეუწირავს (დაახლოებით ძვ. წ. 478-474 წწ. შორის).

ამ შედარებით ვრცელ წარწერაში სამწუხაროდ „გამორჩენილია“ მთავარი: მოქანდაკის სახელი! ქანდაკება ასახავდა ასპარეზობის დამთავრების შემდგომ მომენტს. ბრინჯაოს ეტლში, რომელშიც ოთხი: ცხენია შებმული, დგანან თვით გელონი და მისი მეეტლე. დელფოს ასპარეზობაში გამარჯვებულნი ამაყად უვლიან საპატიო წრეს და მიესალმებიან მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს… ასეთი უნდა ყოფილიყო ეს სკულპტურული ჯგუფი და მისი მიზანდასახულობა. დღეს კი ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ მეეტლის ქანდაკება, რომელიც „დელფოელი მეეტლის“ სახელითაა ფართოდ ცნობილი და ძველი ბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშებს შორის ნამდვილ შედევრადაა სამართლიანად აღიარებული. ეს ქანდაკება ახლა დელფოს ადგილობრივ მუზეუმშია გამოფენილი.

ფეხზე მდგარ ჭაბუკს გრძელი, წელზე ქამარშემორტყმული ნაოჭიანი ქიტონი მოსავს, წინ გაწვდილ ხელებში კი აღვირი უჭირავს. ფიგურა უმოძრაოდ, მშვიდად დგას; მისი პროპორციები უზადოა, პოზა კი, რომელიც სამოსის ქვეშ ოდნავ თუ აღიქმება, საოცრად ბუნებრივი, დამაჯერებელი და სიცოცხლით აღსავსეა. მისი მწყობრი, მშვიდი ფიგურა, ძირს დაშვებული ქიტონის ქსოვილის ნაოჭების მდორე, სწორხაზოვანი დინება დორიული სვეტის კანელურების ასოციაციას იწვევს და სიმყარის, მდგრადობის შთაბეჭდილებას ქმნის. მეეტლეს ფიზიკური ღერძიცა აქვს – სხეულის ვერტიკალი და სულიერი ღერძიც − შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა, რაც თითქოს მისი ყოველი ნაკვთიდან ასხივებს. დელფოელი მეეტლის ფიგურა აღსავსეა საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვნების შეგნებითა და საოცარი სულიერი სილამაზით. მის სახეზე უკვე აღარ ვხვდებით „არქაულ ღიმილს“. განზოგადებული სახის კეთილშობილი იერი, თვალების ცოცხალი გამომეტყველება, მწყობრი პროპორციები მნახველში ჰარმონიულობის, სისადავისა და ამაღლებულობის განცდას ბადებს.

დელფოელი მეეტლის ორიგინალის ხილვისას მნახველს ნათლად წარმოუდგება ასეთი სურათი: თითქოს სასწორზე ერთ მხარეს დევს ფიგურის გარეგნული, ფიზიკური სილამაზე, მეორეზე კი – მისი შინაგანი, სულიერი მშვენიერება. ფიზიკური სილამაზე მისი სხეულისა და სახის მწყობრი, დახვეწილი პროპორციებით ვლინდება, სულიერი მშვენიერება: კი სრული შინაგანი სიმშვიდითა და დაწმენდილი გრძნობებით მჟღავნდება. მისხლითაც კი არ ჭარბობს ერთი მეორეს. ეს ორი რამ – ერთ მთლიანობად შეკრული ფიზიკური და სულიერი თითქოს სრულად აწონასწორებს ჩვენს წარმოსახვით სასწორს და სწორედ ეს ბადებს მნახველში ღვთაებრიობის განცდას. ნათელი ხდება, რომ ჩვენ წინაშეა ღვთაებრივი ნაპერწკლით დაჯილდოებული ადამიანი.

„დელფოელი მეეტლე“ ძვ. წ. V საუკუნის 70-იან წლებშია შესრულებული. მისი ავტორი უცნობია. კიდევ მეტი! თანამედროვე სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში საბოლოოდ არც ისაა დადგენილი, თუ რომელი მხატვრული სკოლის წარმომადგენელი იყო ეს უცნობი დიდებული ხელოვანი. სამაგიეროდ ერთხმადაა აღიარებული, რომ ესაა შესანიმნავი ოსტატი, რომელმაც შექმნა „სახელოვანი და მშვენიერი“ ჭაბუკის იდეალური სახე, ხოლო მისი ქანდაკება ერთერთი ადრეული ნაწარმოებია იმ ახალი მხატვრული მიმდინარეობისა ანტიკური ხელოვნების ისტორიაში, ადრეული კლასიკის (ან „მკაცრი სტილის”) სახელით რომაა ცნობილი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები