დემეტრე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დემეტრე პირველი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრე I. მარცხვარიშის ფრესკა

დემეტრე (დიმიტრი I) - ერთიანი საქართველოს მეფე 1125-1155/56 წლებში. დავით აღმაშენებლის ძე. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურად იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. იბრძოდა დიდგორის ომში და მონაწილეობდა შირვანისათვის ბრძოლაში.

მიუხედავად თურქ-სელჩუკთა ენერგიული წინააღმდეგობისა, დემეტრე I-მა შეძლო მათი მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება.

1130 წელს მეფის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას რომ დავადგინოთ, თუ ვინ ეცილებოდა დემეტრეს სამეფო ტახტს. მისი ნახევარძმა, თუ უფროსი ვაჟი დავითი, რომელიც შემდგომში ეძიებდა მეფობას.

ქვეყნის შიგნით გართულებული ვითარებისა და მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის გამო, დემეტრე I იძულებული გახდა, ანისი, ყმადნაფიცობის და ქალაქში ქრისტიანთა პრივილეგიების დაცვის პირობით, მაჰმადიანი მმართველებისათვის (შედადიანთა მემკვიდრეებისათვის) დაეთმო.

1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველთა ლაშქარმა აიღო განძა და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დღემდე დაცულია გელათის მონასტერში).

1155 წელს დავით უფლისწულმა მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება და დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. ურჩი შვილი სიკვდილის შემდეგ, 1156 წელს, დემეტრე კვლავ გამეფდა და უმცროსი ძე გიორგი დაისვა თანამოსაყდრედ,

საყურადღებოა დემეტრე I-ის სამწერლო შემოქმედება, ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. დემეტრე I-ის „შენ ხარ ვენახი“ დღესაც ცოცხალი საგალობელია.


„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.“

დემეტრე I-მა დაასრულა და აკურთხა გელათის ტაძარი 1125 წელს. გარდაიცვალა 1156 წელს და დაკრძალულია გელათში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები