დიდგორის ბრძოლა 1121
დიდგორის ბრძოლა 1121 - გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც გაიმართა თბილისის დასავლეთით 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის ლაშქარსა (40 ათ. ქართველი, 15 ათ. ყივჩაყი, 500 ოსი, 100 თუ 200 დასავლეთევროპელი მეომარი) და საქართველოში შემოჭრილ თურქ-სელჩუკებს შორის, რომლებსაც სარდლობდა ჯვაროსნებზე გამარჯვებით სახელმოხვეჭილი სარდალი ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი.
დავით მეფემ ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად გამოიყენა მთაგორიანი ადგილის თავისებურება. ლაშქრის მთავარი ძალა მისი სარდლობით ნიჩბისის ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ჯარით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს ეკვეთა.
ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, რაც დაგვირგვინდა გაქცეული მტრის დევნით. დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი (1122) და საომარი მოქმედებები გადაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
|