დემეტრე III (აფხაზთა მეფე)
დემეტრე III – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (967-975). გიორგი II-ის ძე. ლეონ III-ის ძმა. წინაპრების მსგავსად იბრძოდა ქართლისათვის: „დაჯდა მეფედ დემეტრე, ძმა ლეონისი, ეუფლა ქართლსა“.
მისი მეფობის დროს ტახტის დასაუფლებლად იბრძოდა მისი ძმა − თეოდოსი რომელიც გიორგი II-მ ბიზანტიას გააგზავნა ძმასთან, ბაგრატთან ერთად. თეოდოსს ამ ბრძოლაში ეხმარებიან დავით კურაპალატი, კახეთის ქორეპისკოპოსი და ქართლის აზნაურები. დემეტრემ დაამარცხა თეოდოსი. მან თავი შეაფარა ქართლს, ძამის ციხეს, ერთ-ერთ დიდებულს ადარნასესთან. მაგრამ აფხაზთა მეფე თავს დაესხა ძამის ციხეს. სამი თვის ალყის შემდეგ გარნიზონმა მოითხოვა ზავი და თეოდოსის უვნებლად გაშვება. დემეტრე დაეთანხმა წინადადებას, მაგრამ შემდეგ მოტყუებით ხელში ჩაიგდო თეოდოსი და თვალები დასწვა. დემეტრეს ამის გამო აფხაზეთშიც აუჯანყდნენ, მაგრამ მეფემ ისინი დაამარცხა. დემეტრე ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ დარჩენია და ტახტი უსინათლო თეოდოსს დარჩა.